ვის შეუძლია ჩაერთოს სასოფლო-სამეურნეო მიწის სუბსიდირების პროგრამაში
0.25-დან 1.25 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთათვის საქართველოს მთავრობამ სუბსიდირების პროგრამა დაიწყო. საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარზე 300 ლარით განისაზღვრა. რადიო „მარნეულს“ სოფლის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, რომ ფერმერები სუბსიდირებას მათი მიწის ნაკვეთების პროპორციულად მიიღებენ. მაგალითისათვის, თუ ფერმერს 0.25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აქვს, ის სუბსიდიის სახით 75 ლარს მიიღებს, ნახევარი ჰექტარი მიწის არსებობის შემთხვევაში კი 150 ლარს.

მარნეულელი ფერმერი ომარ მამედოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ფერმერებს ერთ ჰექტარ მიწაზე ნებისმიერი სახის კულტურის მოსაყვანად მინიმუმ 1 000 ლარი სჭირდებათ. თვლის, რომ სახელმწიფო სუბსიდია გარკვეულწილად შხამ-წამლების შეძენაში დაეხმარება, მაგრამ აცხადებს, რომ აღნიშნული დახმარება ფერმერებისათვის მაინც არასაკმარისი იქნება.

„მე პირადად მიწაზე ახლა იონჯა მაქვს დათესილი. იონჯას შეწამვლა უნდა, თან მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა შეწამლო, სავარაუდოდ ამ თანხით წამალს ვიყიდი და შევწამლი, მაგრამ ეს მარტო ერთხელ მეყოფა. ზოგადად, 300 ლარი დახვნისათვის და დათესისათვისაც არაა საკმარისი. ერთი ჰექტრის დახვნა 350 ლარი ჯდება. ახლა რომ მე მიწა გადავხნა და ისევ იონჯა ან ხორბალი დავთესო საერთოდ არაფერში არ მეყოფა. რა თქმა უნდა, ეს თანხა გვეხმარება, მაგრამ არც ისე ძალიან“. - განაცხადა ომარ მამედოვმა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, სუბსიდირების პროგრამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს, ბიუჯეტი კი 35 მილიონ ლარს შეადგენს. რადიო „მარნეულს“ სოფლის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, რომ ფერმერებს დარიცხული ქულების გახარჯვა სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ აღიარებულ ბიზნესოპერატორებთან შეეძლებთ, ძირითადად იმ მაღაზიებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა და შხამ-წამლები იყიდება. ფერმერს უფლება აქვს აღნიშნულ მაღაზიებში მისთვის დარიცხული ქულები სრულიად გახარჯოს და სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა ან შხამ-წამლები შეიძინოს.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ფერმერები ვალდებულები არიან ფერმერთა რეესტრში გაიარონ რეგისტრაცია. იმ ფერმერებს, რომლებიც გასულ წლებშიც იღებდნენ სახელმწიფო სუბსიდიას განმეორებით ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირება არღარ მოუწევთ, ხოლო მათ ვინც რეესტრში ჯერ არაა დარეგისტრირებული სოფლის განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501-ზე დარეკვის შედეგად შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა.

სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ფერმერებს თანხა ლიბერთი ბანკის ანგარიშზე ჩაერიცხებათ. თანხის ათვისებას უახლოეს მომავალში შეძლებენ, პროგრამა კი 2022 წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები