კიროვკელები სოფლის სახელის შეცვლაზე დაწყებული პროცედურების შეჩერებას ითხოვენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის კიროვკის მოსახლეობა სოფლის სახელის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნულის მოთხოვნით თვითმმართველობაში წერილი უკვე შეიტანეს ადგილობრივებმა. კიროვკელებმა  ოფიციალური წერილით მიმართეს  მარნეულის მერს, კენან ომაროვს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიორგაძეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვს  და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიუული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის თავმჯდომარეს, ადილ ალიევს, სადაც  სოფლის ძველი სახელის, „მამეი“-ს დაბრუნებას ითხოვენ.

მოსახლეობას ტექნიკური საკითხების მოგვარებაში დახმარებას პლატფორმა „სალამი“ უწევს. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბენიამინ კასიმოღლუ ამბობს, ადგილობრივებმა კიროვკის ამომრჩეველთა დაახლოებით 30%, 185 ხელმოწერა შეაგროვეს და არქივიდან ამოიღეს მასალები, სადაც კიროვკა „მამეიდ“ არის მოხსენიებული. კასიმოღლუს განმარტებით, მათი დახმარების მთავარი მიზანია, რომ  მოსახლეობის ნება ისმოდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში.



„რა თქმა უნდა, საბჭოთა სიმბოლიკის მატარებელი სახელის ცვლილება  მისასალმებელია  თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, მაგრამ აუცილებელია ცვლილებების დროს გათვალისწინებული იქნას ადგილობრივი მოსახლეობის ნება და სურვილი. ვიცით, რომ  ამ სოფელს ხალხი მამეის ეძახის და ადგილობრივი მოსახლეობაც ითხოვს დაუბრუნდეს ეს ძველი სახელწოდება. არქივიდან ბევრი ინფორმაცია არსებობს. მათ შორის არის გერმანელი მკვლევრის წიგნი 1771 წელს, როდესაც საქართველოში ექსპედიციაზე იმყოფებოდა იოჰან გულტენ შტეინი და მას თავის კვლევებში ნახსენები აქვს სოფლის სახელწოდება მამეი. ამიტომ, ეს არის სოფლის ისტორიული სახელწოდება და მნიშვნელოვანია,  გათვალისწინებული იქნას სოფლის მოსახლეობის ნება.  პლატფორმა „სალამი“ და სხვა მარნეულის აქტივისტები ერთობლივად შევეცადეთ ორგანიზებაში დავხმარებოდით  ადგილობრივებს, იურიდიული საკითხების მოგვარებაში. ეს იქნება განცხადებების დაწერა თუ ხელმოწერების შეგროვება“
- ამბობს ბენიამინ კასიმოღლუ



მიუხედავად იმასა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები კიროვკის სახელის შეცვლაზე მოსახლეობას შეხვდნენ და მათ ორი სავარაუდო სახელი „მწვანე გორა“ და „მეგობრობა“ წარუდგინეს, ადგილობრივების ნაწილს, სოფლის ძველი სახელის, „მამეი“-ს დაბრუნება სურს.

„მოლაპარაკება  იყო ასეთი, რომ მწვანე გორა დაერქვას.  სოფლის 100% კი  „მამეი“ უნდა.  გვითხრეს , რომ მამეი არ იქნება. მიზეზი ვერ გავიგეთ. ჩვენ ვუთხარით, თუ მწვანე გორა დაერქმევა,  უნდა დაიწეროს აზერბაიჯანულად. ვიცით,  რომ სოფლის დასახელება ჩვენთან უნდა იყოს შეთანხმებული. მარნეულში რომ იკითხოთ,  კიროვკა სახელით არავინ ეძახის. ჩვენ კიროვკის შეცვლის წინააღმდეგები არ ვართ, უბრალოდ, ძველი სახელი დაუბრუნონ“ - ამბობს კიროვკაში მცხოვრები ჯამბულად იბადოვი.




საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი სოფლების სახელწოდებების შეცვლის საკითხზე,  18 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. მაშინ  საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ თქვა, რომ მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, სახელები მოსახლეობასთან ერთად შეარჩია. კიროვკასთან ერთად, იგეგმება შაუმიანის სახელის შეცვლაც სოფელს ზემო შულავერი ეწოდება.



ზუსტ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობა, რაც სახელების შეცვლაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამთავრობო  კომისიის დასტური მოუვათ. მანამდე კი უცნობია, გაითვალისწინებს თუ რა ადგილობრივი თვითმმართველობა კიროვკის სახელის შეცვლასთან უკვე დაწყებულ პროცედურების შეჩერების საკითხს  და ახალი ინციატივის შემდგომ ეტაპებზე გადაყვანას. პასუხი, სავარაუდოდ, 10 დღეში გახდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც მერიას ოფიციალურ წერილზე პასუხის გაცემის ვადა ამოეწურება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია