მარნეულში არასრულწლოვნის ქორწინების შესაძლო იძულების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს სავარაუდო ნიშნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება ქორწინების შესაძლო იძულების ფაქტზეა დაწყებული.

არასრულწლოვანი გოგოს სავარაუდო ნიშნობის ფაქტს უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. 15 წლის გოგოსთან იმუშავებს ფსიქოლოგიც. როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსი ეკა ბედიანაშვილი განმარტავს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკები ფაქტის გასაჯაროების შემდგომ დაუყოვნებლივ ჩაერთვნენ საქმის პროცესში.

„საუბარია იძულებითი წესით ნიშნობაზე, შემდგომ აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვი არ ადასტურებს იძულებას. რაც შეეხება კრიზისული ცენტრის მომსახურებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლები მოგვმართავენ ჩვენ და მას შემდეგ დაიწყებენ ჩართვას ჩვენი თანამშრომლები, კერძოდ ჩვენი ფსიქოლოგი. მე როგორც მითხრეს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოდან ჩვენ უახლოეს პერიოდში მოგვმართავენ, შესაძლოა დღესაც გამოაგზავნონ წერილი და მათი მომართვის შემდგომ გოგოსთან ფსიქოლოგი იმუშავებს“.

ქალაქ მარნეულში 15 წლის გოგოს სავარაუდო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ ანონიმურმა წყარომ მოაწოდა. 27 აპრილს ოჯახის ახლობელმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ, რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ მოზარდი იძულებით დანიშნეს დაახლოებით 10 წლით უფროს კაცზე. ახლობლები ყვებიან, რომ მოზარდი მისმა მამინაცვალმა ძალით უკვე მეორედ დანიშნა. არასრულწლოვანის ქორწინების პირველი შემთხვევის დროს მამინაცვალს ხელი შეეშალა, ხოლო მეორედ ნიშნობა ფარულად მოხდა, რათა ფაქტი მეზობლებისა და ნათესავებისაგან დაემალათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები