მარნეულის მერიამ 2021 წელს ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 წელს გადაცილებულ 13 მარნეულელს გადასცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2021 წლის განმავლობაში 100 წელს გადაცილებულ 13 მარნეულელს 250 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება გადასცა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა გიორგი მეურმიშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისში ერთჯერადი დახმარება უკვე ხუთმა, 100 წელს გადაცილებულმა, მოქალაქემ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 14 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალური პროგრამების მიმართულებით თანხების გაზრდას დაუჭირა მხარი. ერთჯერადი დახმარების თანხა გაიზარდა 100 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაც.

საკრებულოს გადაწყვეტილების შემდგომ 100 წელს გადაცილებული მარნეულელები 250 ლარის ნაცვლად 400 ლარს მიიღებენ. რადიო „მარნეულს“ გიორგი მეურმიშვილმა განუმარტა, რომ ხუთ მოქალაქეს, რომლებმაც დახმარება 2022 წელს უკვე მიიღეს, კვლავ 250 ლარი ჩაერიცხათ, რადგან მათ მერიას ახალი პროგრამის ამოქმედებემდე მიმართეს, ხოლო ის პირები ვინც მერიას 2022 წლის 14 მარტის შემდგომ მიმართავენ ერთჯერადი დახმარების სახით 400 ლარს მიიღებენ.

100 წელს გადაცილებულ მარნეულელებს მერიის ერთჯერადი დახმარების მიღებისათვის განცხადების წარდგენა მარნეულის მერიის კანცელარიაში შეუძლიათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები