რატომ არ დაერქმევა კიროვკას „მამეი“
დღეს, 14 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა ინფორმაცია, თუ რატომ არ დაერქმევა სოფელ კიროვკას მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი სახელი მამეი. საკრებულომ სოფელ შაუმიანის ქუჩების სახელდებას დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებს კითხვით სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა რაშან ზიადალიევმა მიმართა.

„როგორც ვიცით, სოფელ შაუმიანთან ერთად სახელის გადარქმევის პროცესი მიმდინარეობს სოფელ კიროვკაშიც და სოფლის მოსახლეობამ მოგმართათ ადგილობრივ თვითმმართველობას. რა ადგილასაა ეს პროცესი, მიმდინარეობს თუ არ მუშაობა მოსახლეობასთან და დაახლოებით როდის მიიღებთ გადაწყვეტილებას თუ რომელი სახელი დაერქმევა სოფელს?“.

რაშან ზიადალიევის კითხვას უპასუხა მუნიციპალიტეტში სოფლების სახელდების კომისიის წევრმა ირინე მაჭარაშვილმა, რომელმაც განმარტა, თუ რატომ არ ეწოდება სოფელს სახელი მამეი.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ჩვენ ჩართული გვყავს გეოგრაფიის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვიკვლევთ საარქივო მასალასაც, შესაბამისად პროცედურების დაცვით განხორციელდა ამ საკითხის შესწავლა, მოსახლეობასთან შეხვედრა. როგორც მოგეხსენებათ, აქ არის რკინის მეტალურგიის უძველესი კერა, ასევე ჩვენ ერთი ვერსია გვქონდა ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის აღსანიშნავად, მეგობრობა დაგვერქვა სოფლისთვის. ძველი სახელები არის რიყისპირი და ვაზისკიდე, შესაბამისად რამოდნეიმე ვერსია არის წარმოდგენილი და მათ შორის მეგობრობა წარდგენილი არის მოქმედ სამთავრობო კომისიაში დასკვნის მისაღებად. სავარაუდოდ მომდევნო სხდომებზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება და გვეცნობება ამ საკითხთან დაკავშირებით. სოფლის მოსახლეობის მიერ წარდგენილი სახელი მამეი არსად ფიქსირდება, ჩვენ მოვიძიეთ ისტორიული მასალა. შესაბამისად, ტოპონიმი მამეი არც მეცხრამეტე საუკუნეში, არც მეოცე საუკუნეში არ არის ასახული. ამიტომ ჩვენ ვართ მოკლებული უფლებამოსილებას ეს სახელი ვუწოდოთ. გამომდინარე იქედან, რომ გარკვეულწილად ამ სოფელს ერქვა მამაი, მამაის სახელზე ორი ვერსია არის, ერთი ვერსია უკავშირდება ქრისტიანულ წმინდანს მამაი, ხოლო მეორე ვერსია უკავშირდება, სავარაუდოდ, ოქროს ურდოს სარდალს მამაი. შესაბამისად ეს ვერსიებიც არის ნაკლებად მისაღები და რატო, ოქროს ურდოს სარდლის სახელი ვერ დაერქმევა სოფელს, ხოლო წმინდანის სახელი ვერ დაერქმევა, რადგან ჩვენ ვითვალისწინებთ რწმენას, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობას აქვს და ამიტომ უფრო მართებული იქნება მივიღოთ გადაწყვეტილება შემდეგ სახელებზე. ერთი - მეგობრობა, რომელიც დღევანდელ პერიოდში ძალიან კარგად ასახავს მშვიდობიანი თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითს ერებს შორის და მეორე - ტურიზმის პოპულარიზაციისთვის და ასევე იმისთვის, რომ ჩვენ ვიცით რომ აქ არის ძალიან ბევრი უძველესი არტეფაქტი აღმოჩენილი. როგორც მოგეხსენებათ მწვანე გორა, ეს არის უნიკალური რადგან რკინის მეტალურგიის მაღაროებია აღმოჩენილი და იმისთვის რომ მოვახდინოთ ამ არტეფაქტის პოპულარიზაცია ძალიან კარგი იქნება თუ ამ სოფელს დაერქმევა ან მეგობრობა, ან მწვანე გორა“. - განაცხადა ირინე მაჭარაშვილმა

სოფელ კიროვკისათვის სახელის გადარქმევის შესახებ განცხადება მარნეულის საკრებულოს სხდომაზე 19 აპრილს საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ გააკეთა. ბერიძის განცხადებით, სოფლის მოსახლეობამ შეთავაზებული ხუთი სახელიდან ორი შეარჩია. სოფელს "მწვანე გორა" ან "მეგობრობა" უნდა დარქმეოდა, კიროვკელების ნაწილისათვის კი ეს სახელები მიუღებელი იყო და ისინი სოფლისათვის ისტორიული სახელის "მამეის" დარქმევას მოითხოვენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკასათვის სახელის გადარქმევის პროცესში, სოფლის მოსახლეობის ჩართულობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფიც შეიქმნა. მათ მარნეულის მერიას წერილით მიმართეს. საინიციატივო ჯგუფის წევრები მუნიციპალიტეტისგან სოფლის კრების ჩატარებას და მის საფუძველზე სოფლისათვის სახელის გადარქმევას ითხოვდნენ, მაგრამ მარნეულის მერიამ მათ უარი უთხრა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები