მარნეულის მერიამ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვისთვის 99 800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2023 წელს სატელევიზიო მომსახურების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა. მერია სატელევიზიო მომსახურების შესყიდვას 99 800 ლარად გეგმავს.

„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი აუდიო ვიზუალური განცხადებების განთავსება ეთერში ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე. (ერთი ერთეულის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 წამისა) შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
პირდაპირი ეთერით, მერის ან მისი მოადგილეების, ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილეების, ააიპ-ების ხელმძღვანელებისა და სამსახურის ან/და განყოფილებათა ხელმძღვანელების ანგარიშების, ბრიფინგების, (მერიიდან ან/და ტელევიზიიდან) გასვლითი და ონლაინ აქტივობების, საახალწლო და რელიგიური დღესასწაულების, ასევე სპორტული და კულტურული ღონისძიებების, თეატრალური წარმოდგენების, კონცერტების და სხვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენების ტრანსლირება. (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
საკრებულოს სხდომების, თათბირების, ბიუროს სხდომების (შეთანხმებით), ანგარიშების, ან/და მერის, მისი მოადგილეების თათბირების, ანგარიშების განთავსება სატელევიზიო ეთერში, ერთი ერთეული, ქრონომეტრაჟით, არანაკლებ 10 წუთისა, როგორც ქართულ ისე აზერბაიჯანულ ენაზე;“
- აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში

რადიო „მარნეულს“ დღეს, 17 იანვარს, მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ 2023 წლის განმავლობაში სატელევიზიო მომსახურების ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა ბაზრის კვლევა, რის შესაბამისადაც ტენდერის საერთო ღირებულება განისაზღვრა.

მარნეულის მერიამ გასულ, 2022 წელს, აღნიშნული სახის ტენდერი 145 000 ლარად გამოაცხადა, ხოლო 2021 წელს სატელევიზიო მომსახურების ტენდერის ღირებულება 95 800 ლარი იყო. გასულ წელს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ 2022 წლის განმავლობაში სატელევიზიო მომსახურების ტენდერის თანხის ოდენობის მატება საეთერო დროსი გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია. განმატა, რომ 2021 წელს გამოვლინდა, რომ ლაივ ტრანსლაციები და საეთერო დროები, რომელიც მერიამ კონტრაქტით შეიძინა საკმარისი არ იყო, მოსახლეობის სრულფასოვანი ინფორმირებისათვის კი გაზრდილი საეთერო დრო იყო საჭირო, რამაც სატენდერო ღირებულების გაზრდაც გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სატელევიზიო მომსახურეობის თანხებს 2018-2020 წლებში ეტაპობრივად ზრდიდა. მაგალითად, 2018 წელს იგივე მიზნებისთვის 72 000 ლარიანი ტენდერი, 2019 წელს 86 000 ლარიანი, ხოლო 2020 წელს 125 640 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა.

ბოლო წლების განმავლობაში მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ სატელევიზო მომსახურების შესყდვის ტენდერებში "მარნეული ტვ" უკონკურენტოდ იმარჯვებდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები