მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 24 დღეში სარესტორნო მომსახურებაში
12 053 ლარი დახარჯა.
სამი გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, ადგილობრივმა
თვითმმართველობამ თანხა მარნეულში მდებარე რესტორან „სადღეგრძელოს“
(ე.წ „გამატყავე“) გადუხადა და ხელშეკრულება ინდმეწარმე ვლადიმერ
ქიმაძესთან გააფორმა.
პირველი სუფრა 10 იანვრით თარიღდება, რაშიც მერიამ 3 876 ლარი
გადაიხადა.
„მოგახსენებთ, რომ 2023 წლის 10 იანვარს მარნეულის
მუნიციპალიტეტის მერია მასპინძლობს მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა
სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებიდან. გამომდინარე აქედან,
გვესაჭიროება აღნიშნული სტუმრების სადილით გამასპინძლება. გთხოვთ,
დაავალოთ შესაბამის სამსახურს, უზრუნველყოს სტუმრების გამასპინძლება
და განახორციელოს შესყიდვასთან დაკავშირებული ქმედების განხორციელება,
მოქმედი კანონმდბლობით დადგენილი წესის შესაბამისად“ - წერია
მოხსენებით ბარათში, თუმცა არაა დაკონკრეტებული სტუმრების ვინაობა და
ოდენობა.
მეორე გამარტივებული შესყიდვა 19 იანვრით თარიღდება. რესტორნისათვის
გადახდილი თანხის ოდენობა 4`197 ლარია.
„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 19 იანვარს ნათლისღების
დღესასწაულთან დაკავშირებით იგეგმება მრევლისა და სტუმრების სადილით
გამასპინძლება. გთხოვთ წარმომადგენლობითი ხარჯებიდან გამოყოთ
შესაბამისი თანხა.“ - წერია მოხსენებით ბარათში, თუმცა
სუმრების რაოდენობა არც აქ არის დაკონკრეტებული.
რაც შეეხება კიდევ ერთ ტენდერს, სარესტორნო მომსახურება 2 თებერვლით
თარიღდება. რესტორან სადღეგრძელოს ამ შემთხვევაში მარნეულის მერიამ 3
980 ლარი გადაუხადა.
„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 02 თებერვალს მარნეულის
მუნიციპალიტეტის მერია მასპინძლობს მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა
სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებიდან. გამომდინარე აქედან,
გვესაჭიროება აღნიშნული სტუმრების სადილით გამასპინძლება. გთხოვთ,
დაავალოთ შესაბამის სამსახურს, უზრუნველყოს სტუმრების გამასპინძლება
და განახორციელოს შესყიდვასთან დაკავშირებული კანონით
გათვალისწინებული ქმედების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილი წესის შესაბამისად.“
სამივე სარესტორნო მომსახურებაზე თანხის გახარჯვის ბრძანება მარნეულის
მერმა, კენან ომაროვმა გასცა.