მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის სოფელში საერთო კრება ჩატარდა
დღეს, 8 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასახლების საერთო კრება გაიმართა. დასახლების საერთო კრება საიმერლოს საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. კრებას ესწრებოდნენ მარნეულის მერიის წარმომადგენლები, მათ შორის მერის მოადგილეები როინ დეკანოიძე და თემურ შუბითიძე, რომლებიც სოფელ საიმერლოდან არიან. კრებას არ ესწრებოდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რომელიც ასევე სოფელ საიმერლოდანაა.

„მოგესალმებით ყველას, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, ჩართულობისთვის. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იცით, რომ წლებია მიმდინარეობს, რა პროგრამის არსიც არის რომ ამა თუ იმ თემში რაც არის საჭიროებები მოსახლეობისთვის თვითონ მოსახლეობამ იმსჯელოს და რომელი პროექტიც შეირჩევა ამა თუ იმ სოფელში, თემში, იმ პროექტს კვალიფიციური ორგანიზაციები განახორციელებენ. ვიმსჯელოთ, აქ ხართ წარმოდგენილი საკმარისი რაოდენობა. თავისი წესდება აქვს ამ პროგრამას, გარკვეული რაოდენობა უნდა იყოს ხალხის და ვფიქრობ საკმარისზე მეტიცაა დარეგისტრირებული და ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტოთ რა პროექტის გაკეთება გინდათ სოფელში“. - განაცხადა მარნეულის მერის მოადგილე როინ დეკანოიძემ

მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მამუკა შუბითიძემ საერთო კრების მონაწილეებს განუცხადა, რომ სოფლიდან მერიაში ორი წინადადება იყო შესული.

„დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულია ორი წინადადება. ერთი არის არხის გაგრძელება, ანუ იმ პროექტის დასრულება რომელსაც წინა წელს დაუჭირეთ მხარი და მეორე არის რიტუალების სასახლის, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, იმის მიმდებარე არხების მოწესრიგება. ეს ორი წინადადებაა დარეგისტრირებული დღეის მდგომარეობით. თუ რამე წინადადებაა კიდევ, შეგვიძლია მივიღოთ და კენჭი ვუყაროთ ამ წინადადებასაც“. - განაცხადა მამუკა შუბითიძემ

სოფელ საიმერლოში დასახლების საერთო კრების მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს სარწყავი არხის პროექტის გაგრძელებას. როგორც მოსახლეობამ განაცხადა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მორწყვის დროს, აღნიშნული არხის გაუმართაობის გამო, მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლებიც იტპორება რის გამოც აღნიშნული პროექტის განხორციელება სოფლისათვის უფრო მეტად პრიორიტეტულია, ვიდრე მიმდინარე მშენებლობის ადგილას არხის მოწესრიგება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ საიმერლოსათვის 20 000 ლარია გამოყოფილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები