"აღარ იარსებებს არასამთავრობო ორგანიზაციები, აღარ იარსებებს დამოუკიდებელი მედია" -რას დაკარგავს მარნეული „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონის მიღების შემთხვევაში
„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“, „სალამი“, „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, რადიო „მარნეული“... - ეს იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მცირე ჩამონათვალია რომლებსაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის.

ქართული ოცნებისაგან გამოყოფილი დეპუტატების ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტიც უცხოური ორგანიზაციებიდან ფინანსდება „უცხოური გავლენის აგენტად“ ჩაითვლება. მსგავსი კანონი რუსეთმა 2012 წელს მიიღო რამაც ფაქტობრივად გააქრო თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი. საქართველოში მომუშავე დამოუკიდებელი მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიზანი, რუსეთის მსგავსად, საქართველოშიც დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობაა.

ვის ემუქრება კანონი?

კანონის მიღების შემთხვევაში საფრთხე ექმნება მარნეულში მოქმედ „ახალი აზროვნების ინსტიტუტს,“ რომელმაც სადახლოში დაარსა „დედების სკოლა“ ქალების განვითარებისათვის, ქართული ენის შემსწავლელი კურსები და ხელი შეუწყო სოფლებში სარეკრეაციო ზონების მოწყობას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. „ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი არიზ დაშდამიროვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ორგანიზაცია 2015 წლიდან მარნეულში ახორციელებს საგანმანათლებლო, გარემოს დამცველობით, ცნობიერების ასამაღლებელ და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

„ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს ძირითადად სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ სათემო ორგანიზაცია, არამდე როგორც რეგიონალური ორგანიზაცია ვმუშაობთ, რადგან პროექტებს ვახორციელებთ გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, თეთრიწყაროში. ასევე ჩვენ გვაქვს სათემო ცენტრების ქსელი და ვართ სათემო ცენტრების იდეის ავტორები და ამიტომ არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის, არამედ მთელი სათემო ცენტრების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ახალ კანონპროექტს.“

არიზის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოში დემოკრატიაზე საუბარი შესაძლებელი აღარ იქნება, რადგან არ იარსებებს სივრცეები, სადაც ადამიანები საკუთარი პრობლემების შესახებ თავისუფლად ისაუბრებენ და შეეცდებიან მათ გადაჭრას.

„აი, წარმოიდგინეთ, თუ მოქალაქეს ექნება პრობლემა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ან რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან მას ვეღარავინ დაეხმარება, რადგან აღარ იარსებებს არასამთავრობო ორგანიზაციები, აღარ იარსებებს დამოუკიდებელი მედია ვინც ადამიანების ხმას ფართო საზოგადოებას მიაწვდის,“ - ამბობს არიზ დაშდამიროვი

გაქრობა ემუქრება „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრს“ რომელიც მარნეულში უკვე სამი წელია მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ახალგაზრდაა, ამ პერიოდის განმავლობაში განახორციელა პროექტები რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების დაცვაზე, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდაზე, გენდერულ თანასწორობაზე, ახალგაზრდების განვითარებაზე, არაფორმალურ განათლებაზე.

„ამ წლების განმავლობაში ჩავატარეთ რამდენიმე კვლევა, ამ სამი წლის განმავლობაში ვეხმარებოდით მარნეულელებს და განსაკუთრებით სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას. მათი საჭიროებები დავაყენეთ მარნეულის მერიის დღის წესრიგში, ამას გარდა ვთანამშრომლობთ ბოლნისის, დმანისის, გარდაბანში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან. ქვემო ქართლის რეგიონში სამოქალაქო სექტორის არსებობა და კრიტიკული მედიის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის, ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და ჩვენი, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის სამოქალაქო ინტეგრაციისთვის. შესაბამისად, უმრავლესობის ახალი კანონპროექტი არის რუსული კანონი და ჩვენი არჩევანი არასდროს არ ყოფილა და არ იქნება რუსული არჩევანი. ვფიქრობ, რომ ამ კანონის მიღება იქნება პირდაპირი შეტევა ჩვენს ფასეულობებზე, ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობაზე,“ - აცხადებს „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის“ ხელმძღვანელი რაშან ზიადალიევი.

„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ ეხმარება მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისში და დმანისში მცხოვრებ მოქალაქეებს. რაშან ზიადალიევი შიშობს, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ისინი ვეღარ შეძლებენ დახმარების გაწევას, რადგან ექნებათ „უცხოური გავლენის აგენტის“ სტატუსი და ვეღარ შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას.

„საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს ნებისმიერი სახის პროტესტის ჩახშობას საქართველოში. ჩვენ შემთხვევაში კი ეს განსაკუთრებით დიდი დარტყმა იქნება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამ კანონის მიღების შემთხხვევაში საქართველოში დამყარდება რუსიზმი და დიქტატურა. შესაბამისად იმისათვის რომ ჩვენ გვქონდეს ევროპული მომავალი, რათა საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქე იყოს დაცული, გვქონდეს აზრის დაფიქსირების უფლება, გვქონდეს თავისუფლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ვიყოთ ევროპის ნაწილი, სწორედ ამისათვის ჩვენ გვჭირდება ბრძოლა რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ.“

„ახალი აზროვნების ინსტიტუტს“ ისევე როგორც „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრს“ საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები აფინანსებენ. სწორედ მათი ფინანსური დახმარების მეშვეობით ხორციელება მარნეულში სხვადასხვა სახის პროექტები.

არასამთავრობო სექტორის მსგავსად საფრთხის წინაშეა მედია ორგანიზაციებიც. ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედიის“ ხელმძღვანელი მანონი ბოკუჩავა აცხადებს, რომ კანონპროექტის მიზანი დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაცია და მათი გაქრობაა.

„იმ შემთხვევაში თუ ასეთი ღია ბრძოლა გამოცხადდება და ეს უკვე არის ღია ბრძოლა, როდესაც ვიღაცას, პარლამენტის წევრს, ასეთი კანონპროექტი მოუვიდა თავში აზრად და შემდგომ მისი ინიცირებაც მოახდინა, ეს მართლაც წარმოუდგენელი რამაა. თუ მიიღებენ, ამ შემთხვევაში სხვადასხვა ვარიანტები არსებობს და მათ შორის სტრასბურგში გასაჩივრებაც, რადგან ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და საერთოდ ის რეალობაც, რაც საქართველოშია რამდენად მოგვცემს შესაძლებლობას რომ გავიდეთ სამართლიან შედეგზე. ამიტომ ალბათ ისევ სტრასბურგის იმედად დავრჩებით ყველანი, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ და ვცდილობთ რომ ცხოვრება გაუმჯობესდეს ჩვენს თემში, ჩვენს რეგიონში. ჩვენ უკვე გვეშლება ხელი მუშაობაში ამ კანონპროექტის გამო.“

მანონი ბოკუჩავას განმარტებით, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი qvemoqartli.ge, უკვე 5 წელია რაც საერთაშორისო ფონდებთან მუშაობს. ორგანიზაციას ჰქონდა მცდელობა, მიეღო დამატებითი შემოსავალი რეკლამებისაგან ან სხვა ფინანსური წყაროები მოეძია, მაგრამ როგორც მანონი აცხადებს, ამის შესაძლებლობა ქართულ ბაზარზე ფაქტობრივად არ არსებობს.

„ეს მხარდაჭერა, რასაც ვიღებთ ევროკავშირისაგან თუ გახდება პრობლემური, მაშინ თვითონ დონორისთვისაც გახდება პრობლემური ჩვენთან ურთიერთობა, რადგან არ ექნებათ ინფორმაცია თუ როდის გაიყინება ჩვენი ანგარიშები, რა მოუვა თავის გრანტს და ა.შ. თუ ეს დაფინანსება არ იქნება, ენთუზიაზმზე ალბათ რამდენიმე თვე შევძლებთ მუშაობას, რადგან გვქონდა რაღაც პერიოდი როცა არის გრანტებს შორის ჩავარდნა და ენთუზიაზმზე ვაგრძელებთ ამ საქმის კეთებას რომელიც ჩვენი აზრით ძალიან ღირებული და ძალიან მნიშნველოვანია და უბრალოდ შემიძლია ვთქვა რომ რამდენიმე თვე შევძლებთ რომ გავაგრძელოთ მუშაობა, მაგრამ შემდგომ ორგანიზაცია უბრალოდ შეწყვეტს მუშაობას. რამდენადაც ვიცი, ჩვენს რეგიონში ვინც აკეთებს ნამდვილ ჟურნალისტურ პროდუქტს და ლაიქებსა და შეარებზე არ მუშაობს, არავის არ აქვს იმის საშუალება რომ მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავლით რედაქცია შეინახოს. ამიტომ, თუ ეს პროცესი ასე წავიდა, როგორც ჩაფიქრებული აქვთ კანონპროექტის ავტორებს, ესეთი პატარა მედია ორგანიზაციები, რომლებიც არიან ინფორმაციის მთავარი წყაროები, რომლებიც არიან მიუკერძოებლები და ნებისმიერი მთავრობის პირობებში აკეთებენ ჟურნალისტიკას, ვერ გააგრძლებენ მუშაობას“. - ამბობს მანონი ბოკუჩავა

რეგიონალური და ონლაინ მედია საშუალებების გაქრობის საფრთხეზე საუბრობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირქტროი მარიამ გოგოსაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ეტაპობრივად დაიხურება რეგიონში არსებული დამოუკიდებელი კრიტიკული მედია ორგანიზაციები.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის რუსული კანონის ანალოგი რომელიც მიღებული იქნა რამდენიმე წლის წინ და ჩვენ შემდგომში ვნახეთ თუ როგორ განვითარდა მაშინ რუსეთში მოვლენები, რა ბედი ეწია მედიასაშუალებებს რომლებიც არ იყვნენ ხელისუფლების ინტერესების გამტარებლები და ვთვლით, რომ დღეს შესაძლოა იყოს დასაწყისი საქართველოში ზუსტად თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეს კანონი ეხება მედიასაშუალებებსაც, რომელთა 20%-ზე მეტი შემოსავალი არის საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და ჩვენ ვიცით, რომ თუნდაც რეგიონალური მედიების, ონლაინ მედიების სრული უმრავლესობა დაფინანსებას იღებს სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებსიგან, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი მედია, რომელიც ხელისფულებისაგან არის დამოუკიდებელი ფაქტობრივად აღარ იარსებებენ საქართველოში, გაქრებიან“.

მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით, კანონპროექტი არის შეფუთული როგორც ორგანიზაციების გამჭვირვალობის გარანტი, რათა მათი დაფინასების წყაროები იყოს ცნობილი, მაგრამ დღეისათვის საქართველოში მოქმედ ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალების და არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსები გამჭვირვალეა და დამფინანსებლების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„რეალურად ფინასები არის გამჭვირვალე და უბრალოდ გაუგებარია რატომ გახდა საჭირო ასეთი კანონის შემოღება, თუ არა ის მიზეზი რომ სურთ გააქრონ თავისუფალი მედია საქართველოში“. - აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი

„ხალხის ძალის“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც მხარს „ქართული ოცნებაც“ უჭერს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლეთა შემოსავლის 20%-ზე მეტი არის საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციებისაგან დაფინანსებული უნდა დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური გავლენის აგენტი.“ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციამ, რომელმაც სავალდებულო რეგისტრაცია არ გაიარა მას დაეკისრება 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. საქართველოს ჟურნალიტური ეთიკის ქარტიის დირექტორის განცხადებით, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მედიაორგანიზაციების დისკრედიტაციას შეუწყობს ხელს, ხოლო მათი დაჯარიმება პირდაპირ გამოიწვევს რეგიონული თუ ონლაინ მედიების დახურვას, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები ჯარიმის გადახდისა და მუშაობის გაგრძელებისათვის.

და ბოლოს, თუ პარლამენტმა ეს კანონი მიიღო მომავალში ვერც ჩვენს ვებ გვერდზე წვდომა იქნება შესაძლებელი, რადგან ჩვენც გაქრობის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები