მარნეულის მერიამ ბიბლიოთეკისთის 30 წიგნი 1 800 ლარად შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკისათვის გადასაცემად 30 წიგნი შეისყიდა. „ქვემო ქართლის ეპიგრაფიული კორპუსი - თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი“ - ამ სახელწოდების 30 ერთეული წიგნი ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავტორისაგან, თამაზ გოგოლაძისაგან გამარტივებული წესით 1 800 ლარად შეიძინა.

„მოგახსენებთ, გამოვიდა ჩემი სამეცნიერო ნაშრომი სახელწოდებით „ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი - თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი“, რომელშიც გაერთიანებულია თეთრიწყაროს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 300- მდე ძველი ქართული ისტორიული წარწერა. ნაშრომში წარწერების ნაწილი შესწავლილი და გაანალიზებულია ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კუთხით, რაც საშუალებას მისცემს ქვემო ქართლის წარსულით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას თვალი გაადევნოს თუ რა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ქვემო ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციას საუკუნეების განმავლობაში“. - აღნიშნულია ისტორიის დოქტორის, თამაზ გოგოლაძის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის კენან ომაროვისადმი მიმართვაში

თამაზ გოგოლაძემ მარნეულის მერიას თავად შესთავაზა სურვილის შემთხვევაში წიგნების შესყიდვა მარნეულის მერია კი მის შეთავაზებას დასთანხმდა.

„მოგახსენებთ, 2022 წლის 22 თებერვალს შესასრულებლად დამეწერა, ისტორიის დოქტორის თამაზ გოგოლაძის მიმართვა, რომელიც ეხება მისივე სამეცნიერო ნაშრომის „ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი - მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი“ - ში გაანალიზებულ ისტორიულ წარწერების კრებულად წიგნის გამოცემას და თვითმმართველობის დაინტერესების შემთხვევაში რამოდენიმე ეგზემპლარის შეძენას.
დამატებით გამოგზავნილია ნაშრომის მცირე ნაწილი , სადაც ჩანს ერთ-ერთი წარწერის ახსნა-განმარტება. წარმოდგენილი მასალა შთამბეჭდავია და ღირებული.
ზემოაღნიშნული წიგნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თვითმმართველობამ უნდა შეიძინოს 30-35 ეგზემპლარი, შემდგომში საზოგადოების ხელმისაწვდომობის მიზნით გადასცეს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო ქსელს“.
- აღნიშნულია მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტისა და ბავშვის უფლებების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო დეკანოიძის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ თამაზ გოგოლაძესთან გამარტივებული წესით ხელშეკრულება 2023 წლის 10 მარტს გააფორმა. მერიამ ისტორიის დოქტორის მიერ გამოცემული წიგნის 30 ეგზემპლარი შეიძინა, თითოეული მათგანის ღირებულება 60 ლარია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები