მარნეულის მერია ერთი საკანალიზაციო მანქანის ყიდვას 328 700 ლარად აპირებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა კანალიზაციის გამწმენდი და შემწოვი მანქანის შესყიდვას გეგმავს. მარნეულის მერიამ კანალიზაციის გამწმენდი და შემწოვი ერთი მანქანის შესაძენად 328 700 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, საკანალიზაციო მანქანა 2023 წელს უნდა იყოს გამოშვებული.

„შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადაა არანაკლებ 2 წელი ან არანაკლებ 200 000 კმ. (რომელიც პირველი შესრულდება) საგარანტიო პერიოდში ავტომანქანაზე მომსახურება უნდა განხორციელდეს ორიგინალი ნაწილები. სეპტიკური ცისტერნაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წელი“. - აღნიშნულია ტენდერის აღწერაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკანალიზაციო მანქანის შესყიდვისათვის ტენდერი 2023 წლის 15 მარტს გამოაცხადა. მარნეულის მერიას იგივე სახის ტენდერი, მაგრამ ნაკლები ფასით, 2022 წლის 21 დეკემბერსაც ჰქონდა გამოცხადებული.

პირველ ტენდერში, რომლითაც მერია 180 000 ლარად გეგმავდა კანალიზაციის გამწმედნი მანქანის შეძენას, მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. მიუხედავად ამისა, მარეულის მერიამ აღნიშნული ტენდერი შეწყვეტილად გამოაცხადა, რადგან მასში არ იყო განსაზღვრული კანალიზაციის წნევით რეცხვის პარამეტრები.

„აღნიშულ ტექნიკურ მახასიათებლებში და ფასების ცხრილში არ არის მითითებული სასინიზაციო მანქანის წნევით რეცხვის პარამეტრები, რაც დღეის მდგომარეობით ერთ-ერთ საჭირო კომპონენტს წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო სისტემის რეცხვის მიზნით, ტექნიკური მახასიათებლები მოიცავს მხოლოდ საკანალიზაციო სისტემაში არსებული მასის ამოტუმბვის მახასიათებლებს“. - ასე განმარტავს ტენდერის შეწყვეტის მიზეზს მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აგილ ამირჯანოვი მარნეულის მერისათვის მიწერილ მოხსენებით ბარათში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2023 წლის 15 მარტს გამოცხადებულ ტენდერში საკანალიზაციო მანქანის ტექნიკურ მახასიათებელს რეცხვის პარამეტრები დაამატა, ხოლო შესყიდვის თანხა 148 700 ლარით გაზარდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები