მარნეულში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
მარნეულში 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ღონისძიება ცენტრალურ სკვერში ტარდება, სადაც იმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები. მოწყობილია საგამოფენო სივრცეები, თემატური ინსტალაციები.

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ღონისძიებას ესწრება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

„მარნეული არის მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური რეგიონი და მარნეული ზუსტად ასახავს საქართველოს მრავალფეროვნებას და ეს მრავალფეროვნებაც ნიშნავს თავისუფლებას, ეს მრავალფეროვნებაც აძლიერებს ჩვენს დამოუკიდებლობას. ყველას ვულოცავ კიდევ ერთხელ, ვუსურვებ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას“. - განაცხადა პარლამენტარმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას.

დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მოსახლეობას მარნეულის მერმა, კენან ომაროვმაც.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ტრადიციულად და ასე მასშტაბურად აღვნიშნავთ 26 მაისს. საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვან თარიღს. მადლობა მინდა გადავუხადო ზუსტად ამისთვის ჩვენი მთავრობის ადმინისტრაციას, შერიგების მინისტრის აპარატს, დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულს და მშვიდობას“. - განაცხადა კენან ომაროვმა

მარნეულში ღონისძიება საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამბობს, ყველას გვეკისრება დიდი პასუხისმგებლობა მტკიცე ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და თავისუფლებისკენ.

„სრულიად საქართველოს, მარნეულიდან, მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ საზოგადოებასთან ერთად ვულოცავ დღევანდელ დღეს. დამოუკიდებლობის 105 წლისთავს აღვნიშნავთ მარნეულში და ყველა ერთად ვიზიარებთ იმ დიდ სიხარულს, თანადგომას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ახასიათებდა, მაგრამ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს. ეს დღე ჩვენია, საქართველოს ყველა მოქალაქისაა და ყველას გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, რომ მტკიცე ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ, თავისუფლებისკენ.“ - განაცხადა ლია გიგაურმა

მარნეულელების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგებიან თემურ ყვითელაშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე.

ღონისძიებას დახურავს ჯგუფი "ფრანის" კონცერტი.

აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობამდე - ორი წლის განმავლობაში არსებობდა. აღნიშნულ დროს საქართველოს დამოუკიდებლობა წამყვანი ევროპული ქვეყნების მიერ აღიარბეული იქნა. საქართველომ დამოუკიდებლობა 70 წლის მერე - 1991 წელს 9 აპრილს აღადგინა.

პირდაპირი ეთერი ღონისძიებიდან:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები