რა პრობლემებს ხვდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები სასამართლოში
დღეს, 22 იანვარს, მარნეულელ სამოქალაქო აქტივისტებთან, პოლიტიკური პარტიების და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან სასამართლო სისტემაში არსებულ პრბლემებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობის წამომადგენელი მოქალაქეების გამოწვევებზე მართლმსაჯულების სისტემაში.

„სახალხო დამცველის აპარატისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ წლებია ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ვმუშაობთ, მათ შორის საპარლამენტო ანგარიშის ფარგლებშიც და გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის, რომ ამ საკითხზე USAID-ის მხარდაჭერით
მზადდება კვლევა, რომლის ფარგლებშიც ასევე ჩართულები იყვნენ ექსპერტები და დღეს გავაჟღერე ამ კვლევის ძირითადი მიგნებები. გარდა ამისა, ვისაუბრე იმ ძირითად მიგნებებზე, რაც გვაქვს მუნიციპალიტეტებში აქტიური მივლინებების ფარგლებში მიღებული უშუალოდ ეროვნულ უმცირესობებთან გასაუბრების შედეგად“.
- განაცხადა სახალხო დამცველის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მარიამ ორჟონიამ

მარიამ ორჟონიას განმარტებით, კვლევებით დგინდება, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოქალაქეებს მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობისას ექმნებათ პრობლემები ენობრივი ბარიერისა და ინფორმაციის ნაკლებობის გამო.

„პირველი პრობლემა, რაც ჩანს კვლევიდან და სახალხო დამცველის მუშაობიდანაც, არის ენობრივი ბარიერი, რაც აბრკოლებს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას, იქნება ეს სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას თუ წინამდებარე ეტაპების დროს. ამ კუთხით მთავარი მიგნებები რაც გვაქვს და რაშიც ვხედავთ სახელმწიფოს როლს არის პირველ რიგში რომ უნდა გაიზარდოს პოპულარიზაციის მიზნით მიღებული ზომების არეალი და გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო ენის სწავლება, რომელიც არის სერიოზული და კონტექსტურად მრავალწახნაგოვანი საკითხი, აუცილებელია ყურადღება იყოს მაქსიმალურად მიქცეული როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დონეზე, ისე სკოლაში და უმაღლესი განათლების დონეზე“. - განაცხადა მარიამ ორჟონიამ

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულელი პოლიტიკოსებიც, რომლებმაც მოსახლეობასა და სასამართლო სისტემას შორის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში უარს ამბობს სასამართლო დავის წარმოებაზე, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და ასევე არს სჯერათ, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ძირითადი პრობლემა არის ჩვენი ეთინური უმცირესობების სახელმწიფო ენის არცოდნა და შემდგომ მათი ურთიერთობა სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის ერთ-ერთია სასამართლო სისტემა, სადაც ადვოკატის გარეშე ვერ შეძლებს ჩვენი მოსახლეობა მივიდეს, ან სასამართლოში, ან თავისი აზრი რომ გამოხატოს. ამიტომაც, საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერა და უფრო მეტი ტრენინგები ადგილზე და სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის ინფორმირება. 2012 წლიდან დღემდე სასამართლო სისტემაში არაფერი არ გაკეთებული და წინ არ წასულა. ჩვენ მოსახლეობას უფრო მეტად აქვს პრობლემები, ვიდრე მათ ვინც იცის სახელმწიფო ენა. ჩვენ ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ პრობლემა, რომ არ იციან სახელმწიფო ენა და აღარ უნდათ რომ მივიდნენ სასამართლოში და არ სჯერათ, რომ სასამართლო მათ მიმართ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“. - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

შეხვედრას ესწრებოდა მარნეულის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნარგიზა ალიევა, რომელმაც სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების სასამართლო სისტემასთან ურთიერთობის გამოწვევებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში იმის თქმა მინდა რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი სისტემა არაა კარგ მდგომარეობაში. ჩვენ ამას ბევრ შემთხვევებში ვამჩვნებთ. არის გარკვეული უსამართლოებები, უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილები. ასევე მოქალაქეებისგან გვესმის რომ მათ საჩივარს არც უსმენენ სამართალდამცავ ორგანოებში, არ ითვალისწინებენ. ჩვენთან რაც შემოდის ჩივილები მაგალითად რომელიმე დანაშაული, დარღვევა მოხდა. ხანდახან გამოძიების, ფაქტების გარეშე იხურება საქმე, ამის ჩამდენებს კი არ უწესებენ არაფერს. გამოძიებები არ მიმდინარეობს, სათანადო სასჯელს არ იღებენ. რაც შეეხება ეროვნული უმცირესობების პრობლემებს ამ სფეროსი, მგონია ეს ენის ბარირის გამოც ხდება. ენის ბარიერი ასაკოვნებშიც არის, საშუალო ასაკის მოსახლეობაშიც არის. კონსტიტუციის მიხედვით კი კანონი უმაღლესია და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მოქალაქეებმა მათთვის გასაგებ ენაზე უნდა მიიღონ საკანონმდებლო აქტებზე ინფორმაცია. მე ბევრჯერ გამოვედი ინიციატივით, არასამთავრობოში რომ ვმუშაობდი მაშინაც კი, რომ საკანონმდებლო აქტები უნდა გადაითარგმნოს აზერბაიჯანულ ენაზე. სისხლის სამართალი, სამოქალაქო კოდექსი, ასევე კონსტიტუცია უნდა ითარგმნოს სხვა ენებზე რომ მოქალაქეებმა იცოდნენ თავიანთი უფლება. კანონი ხშირად იცვლება და 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა განაახლონ თარგმანი. ვფიქრობ ამ სფეროშია პრობლემა. თარჯიმნები უნდა იყოს ადგილზე და მოსახლეობას დაეხმაროს უფლებების გარკვვევეში. ასევე მუნიციპალურ დონეზე უნდა იყოს იურიდიული ცენტრები ხალხმა რომ ისარგებლოს ამ ცენტრებით. რეგიონებში უფლებებთან დაკავშირებით ჩატარდეს შეხვედრები, ტრენინგები. ასევე მუნიციპალიტეტის შენობაში უნდა იყოს ერთი ადგილი სადაც მოსახლეობა მივა და მიიღებს იურიდიულ დახმარებას“. - განაცხადა ნარგიზა ალიევამ

ეთნიკური უმცირესობების სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრა პროექტის "სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება მარნეულსა და ბოლნისში“ ფარგლებში გაიმართა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის“ წარმომადგენელმა ნაშირ ორდუხანოვმა განაცხადა, რომ მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში ბოლო 9 თვის განმავლობაში აქტიურად ატარებდნენ შეხვედრებს მოსახლეობაში სასამართლო სისტემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პროექტი "სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება მარნეულსა და ბოლნისში" USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, "სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრისა" და "პრევენცია პროგრესისთვის" ორგანიზებით მიმდინარეობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები