კობახიძე აცხადებს, რომ ამომრჩევლის IQ გაზომეს და კატეგორიებად დაყვეს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს ვრცელი წერილით ეხმაურება და ახალგაზრდულ მოძრაობებს, რომლებიც აქციებში მონაწილეობენ, კვლავ ძალადობრივ ორგანიზაციებად მოიხსენიებს. კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნების“ რეიტინგი 60%-ზე მეტია და ამიტომ მხოლოდ მათი მხარდამჭერების დაკვეთით იმოქმედებს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს „ქართული ოცნების“
აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით. ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და, შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად უჭერს მხარს“,
– აცხადებს კობახიძე.

ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ 1 თვის წინ მმართველმა პარტიამ კვლევა ჩაატარა, რომლითაც მხარდამჭერების ინტელექტი შეამოწმა. მისი მტკიცებით, აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში 73,8% იყო.

„ამ ყველაფრის ფონზე, დღის წესრიგში დგება საკითხი: ვის უნდა გაჰყვეს ხელისუფლება – საშუალო ინტელექტის მქონე ამ გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასული 3 წლის მანძილზე მოვლენებს სწორად აანალიზებდნენ, არცერთ ხელოვნურად შემოგდებულ პროვოკაციას არ აჰყვნენ და სახელმწიფოს სიმყარის შენარჩუნებაში დაეხმარნენ?

ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში – მხოლოდ 45,6 პროცენტი.

ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია.

გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია“,
– წერს კობახიძე.

სოციოლოგიურ კვლევებში აპრობირებულია რესპონდენტთა დაყოფა სხვადასხვა მახასიათებლების, მათ შორის განათლების დონის მიხედვით, თუმცა არა ინტელექტის კოეფიციენტით.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები