მარნეულის მერია ახალ საიტს 7 500 ლარად ქმნის
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ახალ ვებგვერდს შექმნის. მერიამ ახალი ვებგვერდის შესაქმნელად გამარტივებული წესით ხელშეკრულება შპს „პროსერვისი“-თან გააფორმა. გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მერიის ამჟამინდელი ვებგვერდი მოძველებულია, რის გამოც ახალის შექმნაა საჭირო.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდი დაწერილია php-ის იმ ვერსიით, რომელიც უკვე მოძველებულია. რადგან ჰოსტინგი, რომლითაც ვსარგებლობთ, განთავსებულია საზოგადო ვებ-სერვერზე და უსაფრთხოებიდან გამომდინარე პროვაიდერის მხრიდან მუდმივად ხდება მისი განახლება, დგას marneuli.gov.ge-ის გათიშვის საშიშროება.
როგორც მოგეხსენებათ, მერიის ოფიციალური ვებ გვერდის გამართულად მუშაობა მნიშვნელოვანია მუნიცოპალიტეტისთვის, რადგან აქ განთავსებულია საჯარო ინფორმაცია, დოკუმენტები, სიახლეები და განცხადებები სოციალურ სერვისებსა და აქტივობებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება“
. - აღნიშნულია მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სასახურის ხელმძღვანელის დავით ჭიკაძის მოხსენებით ბარათში

ხელშეკრულების ტექნიკური დავალების მიხედვით, საიტის დიზაინიში უნდა ფიგურირებდეს მუნიციპალიტეტის ლოგო და დასახელება. ასევე, საიტს უნდა ჰქონდეს ქართულ და ინგლისურ ენებს შორის გადართვის ფუნქციონალის მხარდაჭერა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ჭიკაძემ განაცხადა, რომ თავდაპირველად საიტი მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება.

„ამ ეტაპისთვის საიტი იქნება მხოლოდ ქართულ ენაზე. მომავალში შესაძლოა სხვა ენებიც გამოვიყენოთ, ამას განვსაზღვრავთ მას შემდეგ, როდესაც საიტი ჩაეშვება მუშაობაში. ამ ეტაპზე ძველი საიტის ექსპლუატაცია გასულია და შეიძლება გაითიშოს, ამიტომ სასწრაფოდ გვინდა ახალი საიტის გაკეთება, რომ არქივი არ დაიკარგოს“. - განაცხადა დავით ჭიკაძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახალი საიტის შექმნისათვის შპს „პროსერვისი“-სთან 7 500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რისი ხილვა შეგეძლებათ მერიის განახლებულ საიტზე:
ტექსტური გვერდი ( მერიის შესახებ, საკრებულოს შესახებ)
ღირსშესანიშნაობები
მუნიციპალიტეტის როგორც მერიის ასევე საკრებულოს თანამდებობის პირების მოდული
მუნიციპალიტეტის სამსახურები
ბრძანებები
სხდომის ოქმები
კონკურსები
ანგარიშები
სიახლეები
ბიუროები
კომისიები
ფრაქციები
სოციალური პროგრამები
განცხადებები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები