მარნეულის მერიამ 50 000- ზე მეტი ღირებულების მშენებლობების კონტროლისთვის ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მერია ეძებს კომპანიას, რომელიც 2024-2025 წლების განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს. აღნიშნულის განსახორციელებლად თვითმმართველობამ 1 800 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

გამარჯვებული ასევე ვალდებული იქნება საზედამხედველო მომსახურება სამუშაოების დასრულებამდე გაუწიოს 2024-2025 წელში დაწყებულ მრავალწლიან სამშენებლო სამუშაოებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საზედამხედველო მომსახურება გაწეულ უნდა იყოს შემდეგ სამუშაოებზე : გზები, წყალმომარაგება, ხიდები, შენობების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სკვერები, ნაპირსამაგრი, სპორტული მოედნები; მინი სტადიონები, საკანალიზაციო სისტემები, გარე განათება; სანიაღვრე სისტემები; შემოღობვის სამუშაოები.

„ საზედამხედველო კომპანიამ უნდა აწარმოოს ყოველ კონკრეტულ ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების, აგრეთვე ტექნიკური დავალებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. საზედამხედველო კომპანიამ მომსახურება უნდა უზრუნველყოს ყველა იმ დარგის სპეციალისტით, რომელთა კომპეტენციაც შეესაბამება კონკრეტული სამუშაოების ინსპექტირებას, აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი ნორმებისა და პირობების სრული დაცვით. ყოველი კონკრეტული პროექტის დაწყებამდე მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და რაოდენობის სპეციალისტების შეთანხმება შემსყიდველთან, რომლებიც განახორციელებენ კონკრეტული პროექტის ზედამხედველობას“


მერიის მიერ გამოცხადებულ 1 800 000 ლარის ღირებულების ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 6-11 მარტის პერიოდში შეეძლებათ. თანხის 100% - ი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები