ფულს (არ) იხდი ქართულში?
"იმის თქმა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს უწევთ საფასურის გადახდა სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით - ეს არის მცდარი“

- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. თეა ახვლედიანის ამ განცხადებას ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი და ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია მინისტრის განცხადება იმ ფონზე, როდესაც „1+4“ პროგრამით ჩარიცხულ სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებელში წლიურად 2250 გადახდა სწორედ ენის შესასწავლად უწევთ.

თეა ახვლედიანის განცხადების საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს გარდაბნელ სამოქალაქო აქტივისტს, აითაჯ ხალილს და ამბობს, რომ მინისტრის განცხადება მიუღებელია და შეურაცხმყოფელიც კი.

„მისი სიტყვები რომ გადავთარგმნოთ ჩვეულებრივ ენაში. ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ ვატყუებთ, ატყუებენ უნივერსიტეტები და ამ შემთხვევში ტყუილ-მართალის გარჩევის ამბავს დებს, რაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია რადგანაც ველოდებით ამაზე უნივერსიტეტებმაც გააკეთონ განცხადება. ჩვენ, როდესაც შეხვედრის მცდელობა გვქონდა, ღია არ არის ხოლმე ამ ტიპის შეხვედრებისთვის, მერე გამოდის და ამას ამბობს. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვატყუებთ, მაშინ რაში ვიხდით ამ წელში თანხას, უნივერსიტეტები გვატყუებენ? ძალიან კარგად ვიცით და დარწმუნებული ვარ თვითონაც იციან ამ ერთ წელში როგორ არის ქვეყანაში დაფინანსების სისტემა. კარგად იციან, რომ წლებია მარტო აზერბაიჯანულენოვან თემიდან 100 სტუდენტს აფინანსებენ და სომხურენოვანიდან 100-ს . წლებია ამაზეც გვაქვს დავა, რომ კვოტა უნდა შეიცვალოს. 2010 წელს, როცა ეს პროგრამა დაიწყო, ისევ ისე გრძელდება და არანაირი ცვლილება დაფინანსების სისტემაში არ არსებობს. არ ვიცი, რატომ, რამ ათქმევინა ადამიანს ეს სიტყვები, მიკვირს და მაინტერესებს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი პოზიციის გაგება, თუ საიდან მივიდა ამ დასკვნამდე.“ - ამბობს აითაჯი.

თეა ახვლედიანი თავისივე გამოსვლაში განმარტავს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში სხვადასხვა ფორმატში სიღრმისეულად მსჯელობენ იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის განათლების თითოეულ საფეხურზე, დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან, საშუალო განათლების დონეზე, პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებლებში და არაფორმალურ განათლებაში. მისივე, განმარტებით, შესაძლებლობები არის სრულიად უფასო და ძალიან მრავალფეროვანი.

„ იმ მიზნით, რომ საზოგადოებისთვის განგვემარტა აღნიშნულის თაობაზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აწარმოვა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია: „ქართული ენა გვაერთიანებს – ისწავლე ქართული“ სწორედ იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანს სიღრმისეულად ჰქონოდა ინფორმაცია იმ შესაძლებლობების თაობაზე, რომელთაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი ქვეყნის არაქართულენოვან თანამოქალაქეებს“,- განაცხადა ახვლედიანმა.

აღნიშნულ კამპანია „ქართული ენა გვაერთიანებს – ისწავლე ქართული“ მიზანშეწონილად არ მიაჩნია სამოქალაქო აქტივისტს, საგარეჯოდან აიჰან ჰასანლის და ამბობს, რომ ის უფრო პოპულიზმს ემსახურება.

„ქართული ენა გვაერთიანებს, თავიდან ბოლომდე არის პოპულისტური განცხადება. როგორც შერიგების აპარატი აცხადებს, რომ კამპანიის მიზანი არის, ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ისწავლონ სახელმწიფო ენა, არის სრულად აბსურდი იქიდან გამომდინარე, რომ ამ კამპანიასთან დაკავშირებული არცერთი ვიდეორგოლი არ არის ეთნიკური უმცირესობების გასაგებ ენაზე, არც ტირებია, რომ ხალხს ჰქონოდა ინფორმაცია. დიდი თანხა იხარჯება ამ ყველაფრის რეკლამაზე, პლაკატებზე. ჯობდა, ეს თანხა პირდაპირ გამოეყენებინათ ახალი ბაღების მშენებლობისთვის. „

კამპანია „ქართული ენა გვაერთიანებს – ისწავლე ქართული“-ს ერთ-ერთ ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს არაქართულენოვან ბაღებში შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფო ენას ორენოვანი სწავლების, ბილინგვური მეთოდით დაეუფლონ. აითაჯ ხალილი ამბობს, რომ ეს მეთოდი სრულფასოვანი ვერ იქნება, ვინაიდან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მუნიციპალიტეტების უმრავლესობას საბავშვო ბაღი არ აქვს.

„დღეს მაგალითად, საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა ბოლნისსა და დმანისში, არაქართულენოვან სოფლებში ისედაც არ არის საბავშვო ბაღები და შესაბამისად, ეს განათლება მათთვის ხელმისაწვდომი არ არის არც ქართულ ენაზე, არც აზერბაიჯანულ ენაზე. ბილინგვური სწავლება არის ხელმისაწვდომიო, ეს აქვთ მესიჯბოქსად. ხომ ვამბობთ, რომ გარდაბანი ჩემპიონია ბაღების რაოდენობით და იქ რეალურად ბილინგვური სწავლება არ არსებობს. მარტო მარნეულშია რამდენიმე ბაღში დანერგილი როგორც ვიცი და ამის განზოგადება ხდება მთელ რეგიონზე, მთელ თემზე, რაც დეზინფორმაციაა. თვითონ ამყარებენ სტერეოტიპებს, რომ სახელმწიფო ყოველგვარ შესაძლებლობას ქმნის და ისინი არ სწავლობენ განზრახ სახელმწიფო ენას.“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის განცხადებას ეხმაურება დმანისელი აქტივისტი რუსლან ომაროვი და ამბობს, რომ ახვლედიანის გამოსვლა მისთვისაც გაუგებარი იყო.

„ცოტა გამიკვირდა კიდეც უფასო პროგრამაზე რომ თქვა. სინამდვილეში ის უფასო არაა, გრანტზეა დამოკიდებული დაფინანსება და მაგასაც გარკვეული ნაწილი იღებს. ასევე თქვა ისიც, რომ სწავლის ყველა საფეხურზე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ განათლებაო და სინამდვილეში ვიცით, რომ ამ ყველაფერზე სტატისტიკურადაც კი, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ეთნიკურ უმცირესობებს. უმეტეს მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, მაგალითად, დმანისში ასეთ სოფლებში საერთოდ არ არის საბავშვო ბაღი. ამას რომ ამბობს და თან, სხვას სიცრუეში ადანაშაულებს უცნაურად მეჩვენება“ - ამბობს რუსლან ომაროვი.

რადიო „მარნეულმა“ დამატებითი კომენტარის ჩაწერა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სცადა. გვინდოდა გაგვერკვია რა უფასო შესაძლებლობები არსებობს ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის შესასწავლად, რამდენ სკოლასა და ბაღია დანერგილი პროგრამები და რამდენად ეფექტურად მუშაობს ის.

როგორც აპარატში გვითხრეს, კითხვები, რომელიც ჩვენ გვაქვს, თეა ახვლედიანის პარლამენტისათვის გაგზავნილ ანგარიშშია ასახული. რომლის მიხედვითაც, რეგიონების მაგალითზე ინფორმაცია არ იძებნება, თუმცა წერია, რომ,2023 წლის სექტემბრიდან, გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად გაფართოვდა ორენოვანი (ბილინგვური) განათლების მოდელის გეოგრაფიული დაფარვის არეალი. პროგრამა დღეს უკვე 36 არაქართულენოვან საბავშვო ბაღსა და 170-მდე სკოლაში ხორციელდება. გასული წლის საპილოტე პროგრამის შედეგების ანალიზის გათვალისწინებით მიმდინარეობს სასწავლო რესურსების განვითარების პროცესი, პარალელურად, პროგრამაში ჩართული სკოლების ორენოვან მასწავლებლებს, დაწყებითი საფეხურის 23 ქოუჩი რეგულარულ კონსულტაციებს უწევს“.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები