საგრანტო კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - მარნეული, ბოლნისი, დმანისი
საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPER GEORGIA“, ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. დასაფინანსებელი პროექტების შესახებ ისაუბრეს მარნეულში 6 თებერვალს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პროექტის მენეჯერი გიორგი თვალიაშვილი განმარტავს, საგრანტო კონკურსის ფარგლებში 20 გრანტი გაიცემა

„საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სამიზნე მუნიციპალიტეტებში. ეს არის დმანისი, ბოლნისი და მარნეული. აუცილებელი პირობაა უკვე არსებული ბიზნესი იყოს და მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ჰქონდეს, როგორც ბიზნეს ოპერირების. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ბიზნესი უნდა იყოს.“ - ამბობს გიორგი თვალიაშვილი.



დაფინანსების განაწილება მოხდება შემდეგნაირად:

  • 10 გრანტი - 5 700 ლარის ჩათვლით;
  • 8 გრანტი - 5 701 ლარიდან - 14 300 ლარის ჩათვლით;
  • 2 გრანტი - 28 600 ლარიდან - 50 000 ლარის ჩათვლით.
პროექტის დეტალური აღწერა იხილეთ აქ:

გამარჯვებულებს საშუალება მიეცეთ ისარგებლონ DCFTA-სთან (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე) დაკავშირებული ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღებითა და ექსპერტული კონსულტაციით. სურვილის შემთხვევაში გაიარონ კონსულტაცია ევროპის ბაზრისთვის საექსპორტო მიმართულების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

მარნეულში გამართულ შეხვედრაზე გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გარდა, ისაუბრეს პროექტის შუალედურ შედეგებზე.



„შეხვედრის ერთ-ერთი მიზანია პროექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, სადაც მოვიწვიეთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველას შეუძლია გაიგოს რა განახორციელა პროექტმა დაწყების დღიდან, თითქმის ორი წლის განმავლობაში. ბიზნესპროექტების ფარგლებში ქვემო ქართლში სულ მხოლოდ 11 პროექტი დაფინანსდა. აქედან 6 არის მარნეულის მუნიციპალიტეტში. რადგან წინა ეტაპზე ქვემო ქართლიდან იყო პასიურობა, დამატებითი ეტაპი მაგიტომ გამოცხადდა ჩვენი პროექტის ფარგლებში რომ, ქვემო ქართლში კიდევ უფრო მეტი ბიზნესი დაფინანსდეს. მთავარი პრიორიტეტი მიენიჭება ქალებს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს, რომლებსაც სურთ ბიზნესი აწარმოონ“ - გვითხრა გიორგი თვალიაშვილმა.

წინა საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრია. ორგანიზაციის ხელმძღვანელის რაშან ზიადალიევსი თქმით, პროექტის ფარგლებში შეძლეს ბოლნისსა და მარნეულში განეხორციელებინათ აქტივობები, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირებას ისახავდა მიზნად.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით შეხვედრები ქვემო ქართლის სამიზნე მუნიციპალიტეტებშიც იმართება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები