სტუდენტობა თბილისში: რა უჯდებათ რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს განათლების მიღება
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სტუდენტებმა განათლების მიღება უნივერსიტეტებში, აუდიტორიებში, გააგრძელეს. სტუდენტების ნაწილი თბილისში ქირით რჩება, ნაწილმა კი უნივერსიტეტში სიარული საკუთარი რეგიონებიდან გადაწყვიტა. პანდემიის და უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში ჩამოსვლის გამო ბინის ქირის ფასი გაძვირდა, ასევე მოიმატა პროდუქტების ფასმაც.

რამაც რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის დედაქალაქში ცხოვრების პრობლემები შექმნა. 2023 წლის განმავლობაში 36 295 სტუდენტმა სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე სტატუსი შეაჩერა. ჩვენ დავინტერესდით, რამდენი ლარის დახარჯვა უწევთ სტუდენტებს გაძვირებული ქირისა და პროდუქტების ფონზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი შაჰლა მამედოვა აცხადებს რომ ყოველდღე უწევს მარნეულიდან თბილისში წასვლა და ფინანსური პრობლემების გარდა, ყოველდღე წასვლა-წამოსვლა მისთვის ძალიან დამღლელია.

„ვცხოვრობ მარნეულში და კვირის 6 დღე თბილისში გაკვეთილებზე წასვლა ფინანსურადაც ბევრ პრობლემას ქმნის. შიდა რაიონის მარშრუტკებში კი სტუდენტებისთის შეღავათი არაა. გზაში დაახლოებით 7-8 ლარი მეხარჯება. ეს კი ყოველდღიური ხარჯების ყველაზე დიდ ნაწილს იკავებს. კვების ხარჯები კი 3-5 ლარამდეა. დღის განმავლობაში 10-12 ლარს ვხარჯავ. ფინანსური პრობლემები იქით იყოს, წასვლა-წამოსვლა ძალიან რთულია. 3-4 ავტობუსს ვცვლი და დაახლოებით 2 საათი მჭირდება, რომ უნივერსიტეტში მივაღწიო. ამის გარდა ლექციების დასრულების მერე სახლში დაბრუნება პრობლემას ქმნის. მარნეულის ავტობუსები 7 საათამდე მუშაობს. ყველაზე დიდი პრობლემებიდან ერთ-ერთი არის შიდა რაიონული ავტობუსების 6 საათამდე მუშაობა. ამიტომაც რაიონში როცა მივდივართ სახლში 40-50 წუთის განმავლობაში ფეხით მიწევს წასვლა“.

მამედოვა აცხადებს, რომ წასვლა-წამოსვლას მთელი დღე მიაქვს და სახლში გვიან დაბრუნების გამო მეორე დღისთვის მომზადებისა და სწავლისათვის დრო აღარ რჩება.

„თბილისში დარჩენა ხელსაყრელია. უბრალოდ ბოლო დროს ქირის ფასმა მოიმატა და ამიტომ ნორმალური პირობებით სახლის პოვნაც რთულია. რომ შევადაროთ, ისინი ვინც თბილისში რჩებიან უფრო მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე ჩვენ, ვინც რეგიონიდან დავდივართ ყოველდღიურად. სწავლის საფასურის და სტუდენტის საჭიროებების დაფარვა ნორმალური შემოსავლის მქონე ოჯახისთვის რთულია. არქიტექტურაზე ვსწავლობ და ყოველ კვირას საჭირო ნივთების საყიდლად 20-30 ლარს ვხარჯავ“.

შაჰლას თქმით, ერთი თვის განმავლობაში გზის, საგანმანათლებლო მასალებისა და კვების ხარჯებში 500 ლარს იხდის.

„სწავლის საფასურისთვის 2-3 თვეში ერთხელ 560 ლარს ვიხდი. მაგრამ თვეში სულ 360 ლარი კვებაზე და გზის ხარჯებზე მეხარჯება. მასალების საყიდლად კი 80-100 ლარს ვყოფ“ - აცხადებს შაჰლა მამედოვა

შაჰლასაგან განსხვავებით ილიაუნის სხვა სტუდენტი აიდა ვერმიშიანი თბილისში ქირით რჩება. აიდა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ყოველთვიური ხარჯების უდიდესი ნაწილი ბინის ქირაობაში მიდის.

„როგორც იცით, თბილისში ქირით ბინების ფასი ძალიან გაძვირდა, ამიტომ ცხოვრება ძალიან რთულია. ქირისთვის თვეში 800 ლარი მჭირდება. უკვე მეორე წელია რაც სწავლის საფასურს არ ვიხდი. იმიტომ რომ მოსამზადებელში სტიპენდიაში მოვხდი და მთელი წელი სწავლის საფასური, ანუ 2250 ლარი დააფნანსეს.
მომავალი წლიდან მომიწევს სწავლის საფასურის გადახდა და ვფიქრობ რომ ყველაფერში, ქირაში, კომუნალურებში, სასწავლო მასალებში და სხვა ხარჯებში მინიმუმ 2 000 ლარიც კი ცოტა იქნება. ამ ყველა ხარჯის დაფარვისათვის 2 500 ლარი მაინც დამჭირდება.
ამ ყველაფრის მიუხედავად მე მოტივაციით ვაგრძელებ სწავლას. აღნიშნული ფაქტორები არ მიშლის ხელს, რომ იმედი დავკარგო, რადგან წარმატების მისაღწევად რთული გზის გავლაა საჭირო. არაფერია ადვილი და შეუძლებელი“.


აიდა აცხადებს, რომ ხარჯების დასაფარად მაღაზიაში კონსულტანტად უმუშავია.

„6 თვე მაღაზიაში კონსულტანტად ვიმუშავე. შედეგად გაკვეთილებისთვის დამატაებით დროს ვერ ვყოფდი და წიგნს ვერ ვკითხულობდი. ძალიან რთული განრიგი მქონდა“ - ამბობს აიდა ვერმიშიანი.

გულლი ახუნდოვა თბილისში სასწავლებლად მარნეულიდან დადის. აცხადებს, რომ გზის, კვებისა და საგანმანათლებლო ნივთებისათვის ყოველთვიურად 400-500 ლარს ხარჯავს.

„წასვლა-წამოსვლა რთული არაა. ზოგ დღეებში საღამოს საათებშია ლექციები და ამ დროს ვხვდები სირთულეს, მაგრამ სხვა დღეებში მარშრუტკები 7-მდე მუშაობენ და რაიონში მივდივარ. ასევე ძალიან დამღლელია ხოლმე და გზაში დროს ვკარკავ. ხანდახან დავალებებს სრულად ვერ ვასრულებ. ამ კუთხით თბილისში დარჩენა კარგია. გზაში, საგანამანათლებლო მასალებში და კვებაზე თვეში 400-500 ლარი მჭირდება. სწავლის საფასურს კი სოკარი მიხდის“- აცხადებს გულლი ახუნდოვა

კახეთის სოფელ კაბალის მკვიდრი და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან ყურბანოვა აცხადებს, რომ ქალაქში დარჩენა და ფულის არ დახარჯვა შეუძლებელია.

„ჯერ იმის თქმა მინდა რომ ქალაქში იცხოვრო და ფული არ დახარჯო შეუძლებელია. სტუდენტი რომ ხარ ეს უფრო რთული ხდება. სტუდენტის ერთწლიანი სწავლის საფასურთან ერთად ქირა, კვება და სხვა ხარჯები საერთო ჯამში 2800-3000 ლარს შორის მერყეობს. ეს ასევე იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ დახარჯავს ფულს ადამიანი. ქალაქში თუ არ დავრცებოდი და სოფლიდან ვივლიდი, მაშინ ჩემი ხარჯები უფრო მეტად გაიზრდებოდა. რადგან სოფელში წასვლა-წამოსვლისათვის 30 ლარის გადახდა მომიწევდა. ეს ჩემთვის ძალიან დამღლელიც იქნებოდა, რადგან 3 საათიანი გზა რთულია“. - ამბობს ჯეირან ყურბანოვა.

ჩვენს მიერ ჩაწერილი სტუდენტების მონაყოლზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარნეულელ სტუდენტებს, ვინც უნივერსიტეტში მარნეულიდან დადის, ყოველდთვიური ხარჯებისათვის 1 500 ლარი სჭირდებათ, ხოლო მათ ვინც თბილისში რჩება ხარჯიც ბევრი აქვთ და ყოველთვიურად 2 000 ლარი მაინც სჭირდებათ.

Print ელ. ფოსტა
თეგები: Gənclər Tbilisi Təhsil
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები