ალგეთში სოფლის კრება ქალების გარეშე ჩატარდა
დღეს, 12 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები დაიწყო. 13:00 საათზე სოფლის კრება გაიმართა სოფელ ალგეთში, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ სხდომის ლეგიტიმაციისათვის მოსახლეობის საკმარისი ხელმოწერა შეგროვდა.

ალგეთის მოსახლეობამ, სოფლის კრებაზე, მხარი გარე განათების მოწყობას დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ალგეთის მოსახლეობამ, ისევე როგორც წელს, სოფელში გარე განათების მოწყობა მოითხოვა. 2023 წელს სოფლის ერთ ნაწილში გარე განათება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოეწყო.

სხდომაზე გარე განათების საკითხთან ერთად მოსახლეობამ წამოაყენა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა და მოითხოვეს „მწოლიარე პოლიციელების“ დაყენება, რასთან დაკავშირებითაც მერიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათებას მოაწყობენ, ხოლო სხვა მათთვის პრიორიტეტული პრობლემების მოგვარების მიზნით მოსახლეობამ მერიას უნდა მიმართოს და დაჰპირდნენ, რომ ამ პრობლემების მოგვარებაშიც დაეხმარებიან.

სოფელ ალგეთისათვსი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 20 000 ლარია გამოყოფილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს, 12 თებერვალს, სოფელ თაზაქენდსა და საბირქენდშიც იმართება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები