აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშეს პირველი ვიზიტი მარნეულში
დღეს, 20 თებერვალს, მარნეულში ამარიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების კულტურის ატაშე ივენ კალი ესტუმრა. რადიო „მარნეულთან“ საურისას კულტურის ატაშემ განაცხადა, რომ მარნეულში ვიზიტის სურვილი დიდი ხანია ჰქონდა.

„ძალიან დიდი ხანია მინდოდა მარნეულში ჩამოსვლა. ჯერ კიდევ როდესაც აშშ-ში ვიყავი და ვიკვლევდი ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ვისწავლე თუ რამდენად განსაკუთრებული იყო მარნეული - მოსახლეობის სხვაობა, ეთნიკური უმცირესობები. ძალიან ბევრ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ საქართველოში სულ ერთნაირი ხალხი ცხოვრობსო, მაგრამ როდესაც გახვალ თბილისს გარეთ დაინახავ, რომ ყველა ქალაქში განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ. მარნეულში ეთნიკური უმცირესობები უმრავლესობაში არიან და თავისი სხვადასხვა მახასიათებლებით ეს რეგიონი ძალიან განსაკუთრებულია, ამიტომ მინდოდა რომ ჩამოვსულიყავი მარნეულში“. - განაცხადა ივენ კალიმ

მარნეულში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე მარნეულის ამერიკულ კუთხეში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.

„ყოველთვის მომწონს „ამერიკულ კუთხეებში“ ვიზიტი და ვცდილობ რომ ყველა ქალაქში შევხვდე ახალგაზრდებს. შეხვედრები ყოველთვის ერთნაირად, ძალიან, ძალიან წყნარად იწყება და რამდენიმე წუთში ყველას ძალიან ბევრი კითხვა უჩნდება. ვფიქრობ, მარნეულის ახალგაზრდობა ისეთივეა, როგორც ყველგან. ისინი დაინტერესებული არიან სხვადასხვა შესაძლებლობებით, მათ სურთ პრაქტიკა, აინტერესებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიღება“. - განაცხადა ივენ კალიმ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები მარნეულში ასევე იმყოფებოდნენ კოლეჯ „მოდუსში“ პროექტის „კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“ პრეზენტაციაზე.

„როდესაც დილით შეხვედრაზე მივედით მაშინვე ვიცოდი, რომ მინდოდა კვლავ დავბრუნებულიყავი მარნეულში და უფრო მეტი დრო გამეტარებინა აქ. დღეს ცოტა ვისაუბრე ადამიანებთან, რომელიც თემის პრობლემებზე მუშაობენ და ეს საინტერესო იყო. ვფიქრობ, საელჩო ხშირად უნდა აკეთებდეს ამას. რეგიონებში ამერიკული კუთხეების არსებობა ძალიან კარგია, მაგრამ იმედი მაქვს რომ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ საელჩოს მიერ გმოცხადებულ საგრანტო პროგრამებში, არაა საჭირო რომ დიდი ორგანიზაცია იყოთ. ჩვენ ძალიან დიდ თანხას არ ვთავაზობთ ორგანიზაციებს, ეს შეიძლება იყოს 10-დან 20 ათას დოლარამდე ჩემი დეპარტამენტიდან, მაგრამ ეს ბევრ მოქნილობას გაძლევს“.

აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კოლეჯ „მოდუსში“ მოეწყო საბავშვო ოთახი, რომელიც აღიჭურვა შესამაბისი ინვენტარით. სივრცე მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში ჩართული ახალგაზრდა მშობლების ხელშეწყობას, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება. „კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“ 15 თვიანი პროექტია და მოიცავს 20 კარიერული კონსულტანტის გადამზადებას ტრენერთა ტრენინგის პრინციპით, კარიერული და პროფესიული ორიენტაციის და გოგონათა განათლებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები