ვინ და რატომ სწავლობს ქართულ ენას კერძო მასწავლებლებთან მარნეულში
27 წელია მარეხი ხმალაძე მარნეულის მუნიციპალიტეტში ადამიანებს ქართული ენის შესწავლაში ეხმარება. პედაგოგთან აბიტურიენტების გარდა, ზრდასრული ადამიანებიც დადიან. სახელმწიფო ენის შესწავლის ძირითადი მიზანი სამსახურის დაწყება ან ყოველდღიური კომუნიკაციის დამყარებაა. მარეხი მასწავლებელი ამბობს, რომ მისი დაკვირვებით, ქართული ენის შესწავლა ყველაზე მეტად არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეებს უჭირთ. მათ, ვისაც ნაკლები კომუნიკაცია აქვთ ქართულ საზოგადოებასთან.

“მყავს ისეთი ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც სამსახურისათვის სჭირდებათ ქართული ენა, ელემენტარული განცხადების დასაწერად, სამუშაო საბუთების შესავსებად. ხშირად, ენა არ იციან მათ, ვისაც აზერბაიჯანული და რუსული სკოლა აქვთ დამთავრებული. ბუკლეტები მაქვს, გაზეთები და სულ ვცდილობ ხოლმე რაღაც ისეთი ადგილი ვიპოვო, თვალსაჩინოდ რომ ვაჩვენო სიტყვები, რის მერე რა უნდა დაიწეროს . ზოგს მაგნიტური დაფაც კი ვაყიდვინე სახლში. სახალისო ისტორიებიც გვაქვს ხოლმე ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით. ერთი მოსწავლე მყავდა, ბაზარში ვაჭრობდა და მითხრა, მომხმარებლები რომ მოდიან, ქართულად ვერაფერს ვიგებ და გეხვეწები, ანგარიში მასწავლე როგორ ვუპასუხო რა რა ღირსო. ვასწავლე და ახლა, მე მგონი, ჩემზე უკეთესად საუბრობს“ - ამბობს მარეხი ხმალაძე



პედაგოგი ფიქრობს, რომ მის სამუშო წლებთან ერთად იცვლება დამოკიდებულება ქართული ენის სწავლებისადმი. ამბობს, რომ ადამიანები ახლა უფრო მოტივირებულები არიან იცოდნენ სახელმწიფო ენა.

რომ ვთქვათ ეზარებათ და ძალდატანებით სწავლობენ - არა. უნდათ, შეიძლება დამახინჯებულად ილაპარაკონ, მაგრამ მაინც ქართულად იტყვიან, მოტივაციას ნამდვილად ვხედავ, მოწადინებულები არიან“

ბოლო წლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სექტორში საქმდებიან. მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებებში, ბანკებსა და სამართალდამცავ უწყებებში, თუმცა ქართული ენის არ ცოდნა მათთვის ბევრ ბარიერს ქმნის. სახელმწიფო ენის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს პედაგოგ, ლია ხარაიშვილსაც, რომელიც არაერთ დასაქმებულს დაეხმარა ქართული ენის შესწავლაში.

„ძირითადად მყავდნენ ადამიანები, ვინც სოკარში მუშაობდნენ და იქ სჭირდებოდათ, პოლიციაშიაც მუშაობდა ერთი მასაც დავეხმარე. სამედიცინო დაწესებულებიდან ექთნები მყავდა. დავეხმარე სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც გეგმებს ვერ ადგენდნენ და ძალიან დიდი საჭიროების წინაშე დადგნენ და ვეხმარებოდი. სულ ელემენტარულიდან, ასობგერებიდან დავიწყეთ სწავლება. დღეს წარმატებულები არიან და კარგად მუშაობენ თავიანთ სამსახურებში. ერთი მაგალითად 37 წლის ქალბატონი იყო, რომელიც თბილისში მუშაობდა სამედიცინო დაწესებულებაში. ძირითადი მოტივაცია დასაქმების მიმართულებით არის, მაგრამ ენის ცოდნასაც იქიდან გამომდინარე აქცევდნენ ყურადღებას, რომ სრულყოფილად ვერ ვგრძნობთო თავს. რამდენჯერ უთქვამთ, სადმე დაწესებულებაში, ან საჯარო ტრანსპორტში რომ ავსულვართ სხვა პლანეტიდან ჩამოსულებივით გვიყურებდნენ და თავი დამცირებულად გვიგრძნიაო და ამიტომ უნდოდათ ქართულის შესწავლა“ - ამბობს ლია ხარაიშვილი.



ქართული ენის სწავლებაში დღეს ხელს სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლებიც უწყობენ. შორენა კუპატაძე რამდენიმე წელია სახელმწიფო ენას მარნეულის სამედიცინო კოლეჯში ასწავლის. პედაგოგი ამბობს, რომ ქართული ენის შესწავლაში 40- წელს ზევით მყოფ ადამიანებსაც დახმარებია. მასწავლებლის თქმით, კოლეჯებში ქართული ენის შესწავლა საკმაოდ დაბალი დონიდან, ანბანიდან იწყება.

„ ახლაც მყავს 49 წლის ქალბატონი, რომელსაც ენის შესწავლა სურს. მყავს 43 წლის, 42 წლის ქალბატონები. ამ ასაკში მათი მოტივატორები თავიანთი ოჯახის წევრები არიან. ბოლნისიდან მოიყვანა დედამთილმა ერთი ქალბატონი, რომელიც არის ფერმერი, მაგრამ ძალიან უნდა, რომ თავის რძალს, მომავალი პროფესია ჰქონდეს ექთნის პროფესია. ვფიქრობდი, ვერ ისწავლიდა, თვითონაც ისე იყო განწყობილი, რომ ვერ შეძლებდა, მაგრამ ძალიან კარგი წინსვლა გვაქვს არასოდეს აცდენს ქართულის ლექციებს. ნულიდან გვიწევს ხოლმე ყველაფრის შესწავლა. მყოლია კატეგორია, რომლებმაც ასოებიც კი არ იციან. მიხარია, რომ მათ აქვთ სახელმწიფო ენის შესწავლის სურვული. მათ ამაში სახელმწიფო ეხმარება და კოლეჯში სწავლას უფინანსებს "- თქვა შორენა კუპატაძემ


სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართული ენის ინდექსის გათვალისწინებით, ეთნიკური უმცირესობები შემდეგნაირად ნაწილდება ენის ცოდნის სხვადასხვა დონის მიხედვით: ყველაზე ცუდად ქართული ენა ქვემო ქართლში იციან (57%). პანკისის ხეობაში კი, ქართული ენა კარგად იცის მცხოვრებთა დიდმა უმრავლესობამ (90.6%). სამცხე-ჯავახეთში ყველაზე დიდ ჯგუფს შეადგენენ ქართული ენის 61 ცუდად მცოდნენი (45.8%), ხოლო კახეთში ქართული ენის სხვადასხვა დონეზე მცოდნეთა ჯგუფები დაახლოებით თანაბრად არიან წარმოდგენილნი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები