"ქეა კავკასია" მარნეულში გენდერული თანასწორობის მიმართულებით პროექტს იწყებს
დღეს, 22 თებერვალს, „ქეა კავკასიამ“ , მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამეწარმეო კლუბებთან შეხვედრა გამართა.

ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის წარდგენას დაეთმო, რომლის ძირითადი მიზანი გენდერული სამართლიანობის მშენებლობაა. როგორც ჩვენთან საუბარში „ქეა კავკასიის“ პროექტების მენეჯერი ნინო კარანაძე ამბობს, შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის საბჭოსთანაც გაიმართა, სადაც მარნეულში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.


„პროექტი გულისხმობს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და ქალებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ მიმართულებით, რამდენიმე კომპონენტით ვმუშაობთ. მათ შორის არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, შესაძლებლობების გაზრდა, რომ უკეთესად შეძლონ ადვოკატირება. ასევე ვმუშაობთ ადგილობრივ სამეწარმეო კლუბებთან, რომელიც ასევე „ქეა კავკასიის“ დაფინანსებით შედგა. ვმუშაობთ ადგილობრივ მედიაორგანიზაციებთან, ვქმნით მედიაპროდუქტებს, რაც დაგვეხმარება გავზარდოთ მგრძნობელობა და ცნობიერება გენდერულ თანასწორობაზე. ასევე ვიმუშავებთ ახალგაზრდებთან, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან“- თქვა ნინო კარანაძემ

პროექტი ოთხი ორგანიზაციის, „ქეა კავკასიის“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „დემოკრატიის ლაბორატორიის “ და მარნეულის სათემო რადიოს მიერ ხორციელდება. როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, ხელმძღვანელი, თამარ გაბოძე ამბობს, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის ადვოკატირებას, გააძლიეროს ქალთა უფლებები და მისცეს ქალებს შესაძლებლობა აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„თუ უშუალოდ არ გექნება რეგიონში შეხვედრები, თუ არ გეცოდინება მუნიციპალიტეტში რა გამოწვევები არსებობს, ეფექტური ვერ იქნება ვერცერთი პროექტი, რადგანაც პროექტის მიზანი უნდა გამომდინარეობდეს რეალური საჭიროებებიდან. ამოცანებიც უნდა დაიგეგმოს ისე, რომ პროექტის მიზანი იყოს მიღწეული. ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა არსებითად მნიშვნელოვანია, რათა გაკეთდეს აქცენტები რა გამოწვევები არსებობს კონკრეტულ რეგიონში გენდერული თანასწორობის კუთხით, რომ ამის შესაბამისად მოხდეს პროექტის გაძლიერება“ -
თქვა თამარ გაბოძემ

პროექტი გრძელვადიანია და 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი ხორციელდება 8 მუნიციპალიტეტში. აქედან 4 არის კახეთში, ხოლო 4 - ქვემო ქართლში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები