2023 წელს ავარიის შედეგად ქვემო ქართლში 53 ადამიანი დაიღუპა
2023 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში 479 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 53 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 691 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, გასულ წელს, 5 594 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 442 ადამიანი დაიღუპა, 7 310 კი დაშავდა.

რეგიონების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ცალკეული სტატისტიკური მონაცემებიც. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად 290 ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს მასშტაბით ავტო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ყველაზე ხშირად შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლის ან გასწრების წესების დარღვევაა. ამ მიზეზით 356 ავარია მოხდა, რის გამოც 55 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 747 დაშავდა. 349-ჯერ ავარიის სავარაუდო მიზეზი მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება გახდა, რის შედეგადაც 67 ადამიანი დაიღუპა. ასევე 349-ჯერ ავარიის სავარაუდო მიზეზი გახდა დისტანციის დაუცველობა, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
2023 წელს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო 158 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, 253 კი დაშავდა.

ყველაზე ხშირად ავარიაში მსუბუქი ავტომობილი ხვდება (3 196 შემთხვევა), შემდეგ კი მოტოციკლი (752 შემთხვევა). სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება ავარიაში 337-კერ მოყვა, ხოლო სატვირთო მანქანა 309-ჯერ. მსუბრუქი ავტომობილის ავარიის შედეგად 202 ადამიანი დაიღუპა, მოტოციკლით მომხდარ ავარიას 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სატვირთო მანქანით ავარიისას 46 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამარშრუტო ტაქსით ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.

გთავაზობთ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის სტატისტიკას საქართველოს რეგიონების მიხედვით:
თბილისი - 2 655 ავარია. დაიღუპა 74 ადამიანი, დაშავდა 3 083
აჭარა - 569 ავარია. დაიღუპა43 ადამიანი, დაშავდა 740
სამეგრელ-ზემო სვანეთი - 254 ავარია. დაიღუპა 38 ადამიანი, დაშავდა 387
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 659 ავარია. დაიღუპა 75 ადამიანი, დაშავდა 913
შიდა ქართლი - 287 ავარია. დაიღუპა 39 ადამიანი, დაშავდა 447
ქვემო ქართლი - 479 ავარია. დაიღუპა 53 ადამიანი, დაშავდა 691
კახეთი - 308 ავარია. დაიღუპა 67 ადამიანი, დაშავდა 491
სამცხე-ჯავახეთი - 117 ავარია. დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა 198
მცხეთა - 173 ავარია. დაიღუპა 34 ადამიანი, დაშავდა 243
გურია - 93 ავარია. დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა 117

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროის განმავლობაში მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევების ოდენობამ იმატა. გასული კვირების განმავლობაში ავარიები მოხდა ქალაქ მარნეულსა და მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებშიც, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და დაშავდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები