რატომ უწევთ მარნეულელ აბიტურიენტებს რეპეტიტორებთან მომზადება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებლად, ხშირად, ახალგაზრდებს დამატებით რეპეტიტორებთან მეცადინეობა უწევთ. ბევრი მათგანი რამდენიმე საგანში ემზადება, ზოგიერთს სხვა სოფელში ან მუნიციპალურ ცენტრში უწევთ სიარული, რაც მათთვის დამატებით ხარჯებსა და ფინანსურ პრობლემებს ქმნის. სევგი ნასიბოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება, ის სოფელ სადახლოდანაა, და ამბობს, რომ უკვე სამი წელია მოსამზადებლად დადის.


„უკვე 3 წელია მოსამზადებლად დავდივარ. რეპეტიტორებთან გაკვეთილები მინიმუმ 2 საათი გრძელდება. ყველაზე მეტად მე-12 კლასში დამჭირდა მომზადება. გამოცდას ორ საგანში, მათემატიკაში და უნარებში, ვაბარებთ. მაგრამ უნარები სკოლაში არ ტარდება. ვინაიდან მე-12 კლასში აღარავინ დადის, მასწავლებლებიც კარგად აღარ ასწავლიან. ასე რომ, მეც ვემზადები მათემატიკაში. მათემატიკაში თვეში 50 ლარს ვიხდი და უნარებში 80 ლარს.
შარშან რაიონში მივდიოდი გაკვეთილზე. 6 საათზე მთავრდებოდა მეცადინეობა და ნახევარი საათით ადრე მიწევდა გასვლა, მარშუტკამდე მისვლას ვერ ვასწრებდი“
-
ამბობს სევგი ნასიბოვა

სევგისაგან განსხვავებით მარნეულელი აიტენ გარაგაშევა წელს გამოცდებს არ აბარებს, მაგრამ რეპეტიტორებთან მზადება უკვე 7 თვეა რაც დაიწყო.

„მომზადებისას ყველაფერი უფრო ნათლად მესმის, ვიდრე სკოლაში. რადგან ჯერ კიდევ მე-11 კლასში ვარ, მათემატიკისთვის ვემზადები, მომავალ წელს უნარებშიც დავიწყებ მომზადებას. მათემატიკაში თვეში 70 ლარს ვიხდი. მე-12 კლასში მხოლოდ უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი გაკვეთილები რომ იყოს დამატებით რეპეტიტორებთან აღარ მოვემზადებოდი“, - განაცხადა აითან გარაგაშევამ.

კიდევ ერთი აბიტურიენტი აისუნ ბუდაგოვა ამბობს, რომ რეპეტიტორებთან მომზადება 2 წლის წინ დაიწყო. 

„2 წელია მოსამზადებლად დავდივარ. რეპეტიტორებთან 2 წელიწადში საშუალოდ 1 500 ლარი დავხარჯე. ჩვენი საშუალო განათლება, ვფიქრობ, დაბალ დონეზეა. ამიტომ, ჩვენ რეპეტიტორებთან წასვლა გვიწევს. რასაც ახლა ვსწავლობთ არის საშუალო სკოლის საგნებია, მაგრამ ახლა ვსწავლობთ. განათლების დონე მაღალი რომ იყოს დამატებითი გაკვეთილები აღარ დაგვჭირდებოდა. ვემზადები გამოცდისთვის, რადგან იქნება კითხვები ლოგიკიდან და მათემატიკიდან. მათემატიკაში თვეში 70 ლარს ვიხდი, ლოგიკაში კი 80 ლარს“ -
ამბობს აისუნ ბუდაგოვა

აბიტურიენტი აისუნ ბედიევა აღნიშნავს, რომ ორ საგანში ემზადება.


„ვემზადები გამოცდისთვის 2 საგანში. დავდივარ ლოგიკისა და მათემატიკის გაკვეთილებზე. ყოველთვიურად 150 ლარზე მეტს ვიხდი მომზადებაში, რადგან ჩვენს სოფელში მასწავლებელი არ არის, მეზობელ სოფელში უნდა წავიდე“, - ამბობს აისუნ ბედიევა.

ჩვენს მიერ გამოკითხული აბიტურიენტების მიხედვით, უნივერსიტეტისათვის მომზადება და განათლების მიღება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული და ოჯახებს, ხშირ შემთხვევაში, დამატებითი თანხების მობილიზება სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან ამოქმედდა „1+4“ პროგრამა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები