მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დასრულდა
ქალაქ მარნეულში ცენტრალური სტადიონის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. რადიო „მარნეულს“ მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებული ინფომრაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში დაუდასტურეს. ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება მარნეულის ცენტრალური სტადიონის გახსნის ღონისძიება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის მშენებლობისათვის სამუშაოები 8 წლის წინ დაიწყო. ქალაქის ცენტრში სტადიონის მშენებლობის სამუშაოების საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მარნეულის მერიამ ჯერ კიდევ 2016 წელს შეისყიდა.

მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ დააფინანსა. პროექტი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა, რომლის ღირებულებაც 8 100 000 ლარია.

ფიფას მეორე კატეგორიის სტადიონი 2 000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სტადიონის კომპლექსში მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები. ასევე, დამონტაჟდა სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები, მოეწყო სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის.

აღსანიშნავია, რომ სტადიონისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ 2016 წელს შეადგინა, რაშიც 150 000 ლარი დახარჯა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტაცია განახლებას საჭიროებდა, რადგან 2017 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი შევიდა ძალაში. 2019 წელს საპროექტო-საღარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვილიება შევიდა რის შემდეგაც სამუშაოებისათვის პირველი ტენდერი გამოაცხადეს, რომელიც სწორედ შეცვლილი/შესწორებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო ჩაიშალა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები