მარნეულის თვითმმართველობა ევრო 2024-ზე საქართველოს თამაშის საყურებლად სივრცეს მოაწყობს
დღეს, 27 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა საქართველოს ნაკრების გამარჯვების მილოცვით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მოსახლეობას 26 მარტს თბილისში საქართველოს ნაკრების მიერ საბერძნეთის ნაკრების დამარცხება და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა.

„ამ თამაშში გამარჯვება მოიპოვა საქართველომ და მოიპოვა საგზური ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდება გერმანიაში, ძალიან მაგარ ქვეყანაში. ეს არის ისტორიული დღე თითოეული ჩვენთაგანისათვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, საქართველოს ნაკრებს თავდადებისათვის, იმისათვის რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ამხელა სიხარული და ამხელა ემოციები მოგვანიჭეს. გუშინ ვხედავდით რა ხდებოდა ჩვენს ეროვნულ სტადიონზე, დინამო არენაზე, რა ხდებოდა დედაქალაქში და ყველა ქალაქებში. მათ შორის ჩვენთან ძალიან ემოციურად გამოხატეს ახალგაზრდობამ და თითოეულ ოჯახში იყო ძალიან დიდი სიხარული“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ევრიპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი შეხვედრის ყურება მარნეულში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, პირდაპირი ეთერით იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც დაიწყება ევროპის ჩემპიონატი მარნეულში იქნება შერჩეული სივრცე, სადაც დამონტაჟდება დიდი მონიტორი სადაც გვექნება შესაძლებლობა ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და ყველა პირობა იქნება იმისათვის რომ გულშემატკივრებისათვის, ახალგაზრდებისათვის იქნება გასართობი პროგრამაც, რომ სანამ დაიწყება მატჩი მანამდე შევემზადოთ იმისათვის, რომ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

საკრებულოს თამჯდომარესთან ერთად საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეებს გამარჯვება მიულოცა მარნეულის მერმა კენან ომაროვმაც.

„მეც მოგესალმებით ყველას და გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას. გუშინ ჩვენი საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება იყო საჭირო, მნიშვნელოვანი და ისტორიული გამარჯვება. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ გამარჯვებისთვის და ასევე, ყველას მადლობა რომ ჩვენი ნაკრების გვერდზე ხართ. წარმატებებს და უფრო მეტ გამარჯვებას ვუსურვებ მათ“. - განაცხადა კენან ომაროვმა

საქართველო-საბერძნეთს შორის ფეხბურთის მატჩის ბედი 11 მეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა. ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

დღეს, 27 მარტს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად სულ 8 საკითხი იყო გასული. დეპუტატებმა 8-ვე საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.


ფოტო: რაშან ზიადალიევი
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები