მერიისთვის ქუთლიარში 5 კომლიანი ქუჩისთვის გზის მოასფალტება პრიორიტეტი არაა
სოფელ ქუთლიარის მოსახლეობის ნაწილს 30 წელზე მეტია გზის პრობლემა აწუხებს. მოსახლეობის თქმით, ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს გზის პრობლემის მოგვარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ მათი პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.

სოფლის მკვიდრი, მასწავლებელი ხუმაია ყურბანოვა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მის ქუჩაზე გზა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით 1982-83 წლებში გაიყვანეს, მას შემდეგ კი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელისუფლებას არ გაუკეთებია.

„მე მასწავლებელი ვარ, ახლა პენსიაზე გავედი. ახლაც ბევრჯერ მივმართეთ ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელს მაგრამ შედეგი არაფერია. გზა ცუდ დღეში გვაქვს, მანქანები გზიდან ვარდებიან და მარჯვნივ არხში ვარდებიან. ბავშვები, შვილიშვილები დადიან სკოლაში და წვიმიან ამინდებში ბავშვებს რეზინის ჩექმას ვაცმევთ. სკოლის ტანსაცმლით ვერ ახერხებენ წასვლა-წამოსვლას. გთხოვთ ჩვენი საჩივარი გაითვალისწინონ, ეს გზა გააკეთონ“ - აცხადებს ხუმაია ყურბანოვა

გზების ცუდი მდგორეობით შეწუხებული სხვა მკვიდრი ნარგილე ბინატოვა აცხადებს რომ ავადმყოფობის დროს სასწრაფო დახმარება სოფელში ვერ მიდის.

„ჩვენ გვაწუხებს გზის მდგომარეობა. წვიმის დროს ბავშვები ვერ გადიან გარეთ. სასწრაფოს ვეძახით და არ მოდის, რომც მოვიდეს გზა ტალახიანია და ვერ გადადიან, უკან ბრუნდებიან. ბავშვები კი არც სკოლაში მიდიან ვერც უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ჩემს შვილიშვილს დედა წაიყვანს ხოლმე ხელში აყვანილს და უკანაც ისე აბრუნებს. შესაბამს ორგანოებს რამდენიმეჯერ მივმართეთ. დაგვპირდნენ, რომ მოვლენ ნახავე მაგრამ არ მოვიდნენ“ - ნარგილე ბინატოვა

კიდევ ერთი ქუთლიარელი რამინ შარაფოვი ამბობს, რომ ამ პრობლემით შეწუხებულია და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ თხოვს მათი გზის პრობლემის მოგვარებას.

„ვთხოვთ სახელმწიფოს გზა გააკეთონ. რამდენიმეჯერ ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ. ახლა არაა შესაძლებლობა. მეზობლებს ვეუბნებით მაგრამ ამბობენ არ გვაქვსო შესაძლებლობაო. მოასფალტებას ვითხოვთ, ამასაც სხვა უბნებზე აკეთებენ. გვინდა ჩვენი გზებიც გააკეთონ. სოფლის გამგებელს რამდენჯერ ვუთხარით მაგრამ გვითხრა არ გამოდისო. ამბობს იქ 5 სახლიაო და ვერ გავიყვანთ გზასო. სხვა უბნებზე 3, 4 სახლია და გაყავთ, არ ვიცი რატომ“ - ამბობს რამინ შარაფოვი

სოფლის მკვიდრი ისმაილ გოჯაევი რადიო „მარნეულთან“ აცხადებს რომ გზის მოხრეშვას აზრი არ აქვს რადგან წვიმიან ამინდში ხრეში ირეცხება.

„ტალახი როცაა ასეთ დღეში ვართ ჩვენ. ბავშვი არც სკოლაში მიდის, ვერც ეზოში ვერ მოდის მანქანა. ამ მდგომარეობაში დავრჩით. ყოველდღიურად როცა წვიმს ხრეშსაც ასუფთავებს“
- ისმაილ გოჯაევი

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ბახტირ ჰურიანოვმა განაცხადა, რომ სოფელში შიდა გზების დაგების პროექტი 2022 წელს შემუშავდა. პროექტის მიხედვით 1 კილომეტრისა და 300 მეტრის სიგრძის გზის დაგებაა გათვალისწინებული და უკვე ცნობილია, თუ რომელ ქუჩებზე დაიგება შიდა გზები.

„მოსახლეობა იყო მოსული. ვისაუბრეთ მე ავუხსენი მათ. ყოველ წელს არ არის ხოლმე მოასფალტების პროექტი. 2022 წელს დაიწერა პროექტი და 1 კმ 300 მეტრის გზის მოასფალტებაა დაგეგმილი. რომელი ქუჩები იქნება უკვე ცნობილია. მათ მივაწოდე ინფომაცია, რომ თუ საჭირო გახდა დროებით მოხრეშვას გავაკეთებთ. სოფელში ბევრ ადგილას გზა მოასფალტებულია. დიდი სოფელია, ყველაფერს ერთდროულად ვერ ვაკეთებთ. ეს გზა ჯერ არაა გათვალიწსინებული. ჩვენ გვაწვდიან ინფორმაციას რომ რომელ ქუჩაზეც ცხოვრობს ბევრი ადამიანი პირველ რიგში მანდ უნდა მოხდეს მოასფალტება. ამ ქუჩაზე სულ 4 ოჯახი ცხოვრობს და 500 მეტრიან ასფალტს გაიყვანენ. მე დამავალეს 1 300 მეტრის მოასფალტება. მე აქედან 300 მეტრი იმ ქუჩისთვის გამოვყავი, სადაც 50 კაცი ცხოვრობს. ეს ქუჩა სკოლას უკავშირდება და არ შეიძლება შეცვლა, მაგრამ ჯერ 2024 წლის ბიუჯეტში არაა გათვაისწინებული“ - ამბობს ბახტიარ ჰურიანოვი

აღსანიშნავია რომ სოფელ ქუთლიარში აღნიშნულ ქუჩის გარდა ასფალტის საფარის არარსებობა სხვა ქუჩის მოსახლეობასაც აწუხებს. ამბობენ, რომ წვიმის დროს ატალახებული გზა მათ ყოველდღიურ ცხოვრბაზე ცუდ გავლენას ახდენს და დიდი პრობლემების წინაშე უწევთ ცხოვრება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები