ჩანახჩის სკოლის მშენებლობა შეჩერებულია - ბავშვები კვლავ ვაგონებში ისწავლიან
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებს 2019 წელს დაჰპირნენ, რომ მალე მათ ვაგონებიან სკოლას, ძველ იატაკს, ჩამოხეულ შპალერს და ძველ მერხებს, ახალი, კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო დაწესებულება შეცვლიდა.



8 საკლასო ოთახი, კლასლაბორატორია, სამასწავლებლო,დირექციის ოთახი,ბიბლიოთეკა , კომპიუტერული კლასის საერთო სივრცე, ბუფეტი, სარეკრეაციო სივრცე, ღია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი, ფოიე გარდერობით, დერეფანი - ეს იმ ინფრასტრუქტურის არასრული ჩამონათვალია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 279 750 ლარი გამოიყო და სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  2019 წლის 2 აგვისტოს გამოაცხადა.

სამუშაოების დასრულების ვადად კი ხელშეკრულების დადებიდან 160 კალენდარული დღე განისაზღვრა.  დაახლოებით სამი წელია, რაც სკოლა შენდება, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე დაუსრულებელია და ახალ 2022-2023 სასწავლო წელს ჩანახჩელები კვლავ ვაგონში შეხვდებიან. სამუშაოების შეჩერების ზუსტი მიზეზი არც სკოლის დირექტორმა და არც ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იცის. როგორც ჩვენთან საუბარში ჩანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა მანუკიანი ამბობს, ახალი შენობის მშენებლობა უკვე თვეებია შეჩერდა. 



"სამშენებლო მასალა გაძვირდა, ეს არის პრობლემა, ასე გვითხრა პროექტის მენეჯერმა. თანხის დამატება უნდაო. დროებით ისევ ვაგონებში ვიქნებით. შენობა თითქმის დასრულებულია, სახურავი არ აქვს, მაგრამ კედლები არის. სკოლის მშენებლობა ორი წელია შენდება. ნოემბერში საერთოდ შეჩერდა მშენებლობა"
- ამბობს მანანა მანუკიანი

მანანა მანუკიანისგან განსხვავებული პასუხი აქვს მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ალი გახრამანოვს და ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, საგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა ყველანაირ ვადებში ჯდება. 

"არ ვიცი რა ვადებზეა საუბარი, მაგრამ ჩვენ სახელშეკრულებო ვადა გვაქვს, ვეტევით მაგ დროში - ასეთი პასუხი მივიღეთ" - თქვა ალი გახრა

ადგილობრივ დონეზე გაურკვეველი პასუხების შემდეგ ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში დავრეკეთ. მათი პასუხი არც სკოლის დირექტორის და არც რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებას ემთხვევა. ფონდში ამბობენ,სკოლის სამშენებლო სამუშაოების შეჩერება მას შემდეგ მოხდა, რაც კონტრაქტორმა ტენდერით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და ხელშეკრულება გაუწყდა.  ჩანახჩის საჯარო სკოლის შენობის დასასრულებლად მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ ტენდერს ახლო მომავალში გამოაცხადებს.

"გაუწყდა კონტრაქტორს ხელშეკრულება, ვერ შეასრულა სამუშაოები, რაც კონტრაქტით ჰქონდა ნაკისრი. ახლა გადაანგარიშება მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ახალი ტენდერი" -
ამბობენ მუნიციპალური განვითარების ფონდში

ჩანახჩის სკოლის მშნებლობის დასრულების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. 2022-2023 სასწავლო წელს საგანმანათლებლო დაწესებულება 20 მოსწავლით გააგრძელებს. 

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები