დეპუტატმა ობოლაშვილმა ფარმაცევტული კომპანიით 4 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო
მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა კუთვნილი ფარმაცევტული კომპანიიდან 2023 წელს შემოსავლის სახით 4 357 225 ლარი მიიღო. ამის შესახებ მან ჩაწერა განახლებულ დეკლარაციაში, რომელიც მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეავსო.

მილიონერი დეპუტატი პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სამაჟორიტარო ოლქიდან აირჩიეს. ის წარმოადგენს მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" და ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის,
რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. აგენტების კანონის მიღებას.

ანტონ ობოლაშვილი ფლობს კომპანია "გლობალფარმის" 100-პროცენტიან წილს. წლებია ის ამ კომპანიიდან შემოსავალს იღებს. დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ მისი შემოსავალი იყო:

2020 წელს - 1 187 918 ლარი;
2021 წელს - 94 715 ლარი;
2022 წელი - 348 439 ლარი.

ანტონ ობოლაშვილი პარლამენტის ერთ-ერთი მილიონერი დეპუტატია. ის და მისი ცოლი, ლია ობოლაშვილი, ფლობენ ქონებას თბილისში, ბორჯომში, მცხეთასა და ადიგენის მუნიციპალიტეტში. დეპუტატ ობოლაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 2 ბინა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი) და ბინა და ავტოფარეხი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. მათ ეკუთვნით ძვირადღირებული ავტომობილები და საათები.

ანტონ ობოლაშვილის მსგავსად, ფარმაცევტული ბიზნესიდან მილიონობით ლარის შემოსავალს იღებს მისი კოლეგა ოპოზიციიდან, კახა ოქრიაშვილი. მან "პსპ ფარმადან" მხოლოდ 2022 წელს შემოსავლის სახით 34 845 500 ლარი მიიღო. ოქრიაშვილს განახლებული დეკლარაციის შევსება 2024 წლის ივნისში უწევს.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის დეპუტატ ობოლაშვილს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 80 ათასი ლარი, 40 ათასი დოლარი და 35 ათასი ევრო.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები