საგარეო უწყება - პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ამის თაობაზე ქართულმა მხარემ აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარუდგინა.

"დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები
მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა",
- აღნიშნულია განცხადებაში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები