დასავლური ინტეგრაციის ინფორმაციის გავრცელებისთვის მარნეულში პროექტი დაიწყო



დღეს, 12 მარტს, მარნეულის მერიაში პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაცია გაიმართა, სადაც იმსჯელეს სართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. მოწვეული სპიკერი, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ "ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ამ გზავნილის აქტიური გამავრცელებლები საზოგადოებაში".

„ამ შეხვედრის ამოცანა არის ის, რომ მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მივაწოდოთ ბევრი ინფორმაცია ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა შემდეგ მათ გაუადვილდეთ ხალხთან საუბარი, რომლებთანაც ყოველდღიურ მუშაობაში აქვთ შეხვედრა. გარდა თავისი კონკრეტული სამუშაოსი, ზოგად გეოპოლიტიკურ და ისტორიულ კონტექსტზეც თამამად ესაუბრონ იმიტომ, რომ ეს არის ყოველდღიური შენების პროცესი და მათი როლიც, როგორც მედიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - ამბობს ბათუ ქუთელია.

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონალური წარმომადგენელი ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში 75-მდე შეხვედრას გამართავენ.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს მსოფლიოში მწვავედ დგას ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც საქართველოსაც ეხება და ეს პროექტი ითვალისწინებს სწორი ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობაში რომ შენაჩუნდეს და გაიზარდოს პრო დასავლური კურსის მქონე მოსახლეობის რაოდენობა საქართველოში.“ - ამბობს თემურ სუყაშვილი

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე დღევანდელ შეხვედრას მნიშვნელოვნად აფასებს და ამბობს, რომ მარნეულში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე „ ინფორმირებულობა უფრო მაღალ ხარისხს იმსახურებს.“

„ჩვენი ხელშეწყობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აქ შეიქმნა ოფისი. შესაბამისად, ამ ოფისის ხელმძღვანელის პროგრამა ითვალისწინებს შეხვედრებს სოფლებში მოსახლეობასთან. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო მშენებლობის ერთ-ერთი რგოლი გახლავთ მერია მუნიციპალიტეტის განვითარების თვალსაზრისითაც და შესაბამისად, შევუწყობთ ხელს ამ შეხვედრებს და მოსახლეობის ინფორმირებას. „ - ამბობს ზაურ ტაბატაძე


ინფომაციის პობლემასა და გავრცელების საჭიროებაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალიც გვესაუბრა.

„მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია იმ სიკეთეების შესახებ, რომელიც მოაქვს საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. ვფიქრობ, რომ პრობლემები არის, მაგრამ ერთად, ერთობლივი ჩართულობით ჩვენ შევძლებთ და მაქსიმალურად გავავრცელებთ ინფორმაციას“ - თქვა ზაურ დარგალმა

პროექტი „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები