რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება განაახლეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი.

“მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მომდინარე პროცესის სათანადო შეფასებას და რუსეთის ფედერაციისადმი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.

ქართული მხარე მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობას და არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები