როგორ გადმოიტანეს $300 მლნ აზერბაიჯანიდან – ქადაგიძე 2008 აგვისტოს მოვლენებს იხსენებს
ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე გაიხსენა, თუ რა ვითარებაში მოუწია ქართულ მხარეს აზერბაიჯანიდან 300 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მაშინ როდესაც საჰაერო სივრცე ჩაკეტილი იყო.

“ცხადია, არავინ ომისთვის მზად არ იყო და არც ჩვენ. რუსეთის აგრესიის მერე პირველი, რაც მოხდა ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად და რაც საკმაოდ ბუნებრივი რეაქციაა, ადამიანებმა მიაკითხეს ბანკებს და დაიწყეს ანაბრების გამოტანა. ამან გამოიწვია ის, რომ გაჩნდა ბანკნოტების ძალიან დიდი დეფიციტი და საჭირო გახდა ქვეყანაში სასწრაფოდ ფულის ჩამოტანა. ჩვენ შევუკვეთეთ ფული, რათა კომერციული ბანკები მოგვემარაგებინა, საუბარია 300 მლნ დოლარზე. ბანკებს, ცხადია, არ ვეუბნებით – ვუთხარით, რომ სავსე გვაქვს საცავები და ხვალ დილიდან ყველას შეგეძლებათ წაიღოთ ბანკნოტები და დააკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნა, რათა არ იყოს პანიკა”, – განაცხადა ქადაგიძემ.

ქადაგიძის თქმით, ეს 2008 წლის 10 აგვისტოს ხდებოდა, მაგრამ ფორსმაჟორი გამოცხადდა და საქართველოს საჰაერო სივრცე სამოქალაქო გადაზიდვებისთვის დაიხურა. შესაბამისად, ავიაკომპანიამ თქვა, რომ თბილისში თვითმფრინავს არ დასვამდა. გიორგი ქადაგიძის თქმით, სპეციალური ოპერაციის ჩატარება მეზობელი აზერბაიჯანის დახმარებით მოუწიათ.

“ორი საინკასაციო მანქანა გადავიდა ღამე ჩუმად აზერბაიჯანში, დახვდა ბაქოში 300 მლნ დოლარს და ჩუმად ბრუნდება თბილისში. თითო საინკასაციო მანქანა დატვირთულია უზარმაზარი თანხით. ამ დროს ტელევიზორში ვხედავთ, რუსი ჯარისკაცები როგორ შედიან სენაკის და გორის სამხედრო ბაზაზე და იქიდან გააქვთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ა.შ. ალბათ, წარმოგიდგენიათ, ამის შესახებ რომ რუსეთის არმიის თუნდაც საშუალო რანგის მსახურებს გაეგოთ, რა მოხდებოდა. დარწმუნებული ვარ, არათუ ფულის უსაფრთხოება, ადამიანების უსაფრთხოება ამ ტერიტორიაზე დადგებოდა დიდი საფრთხის ქვეშ”, – აღნიშნა მან.

ქადაგიძის თქმით, საინკასაციო მანქანებს გააყოლეს მხოლოდ ერთი სანდო ადამიანი, რომელიც საინკასაციო საქმიანობასთან დაკავშირებული არ ყოფილა, გადასცეს სპეციალური ტელეფონი და უთხრეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაერეკა, თუ პრობლემა შეიქმნებოდა.

“ჩვენი გათვლებით, დილის 4 საათისთვის ეს ორი მანქანა წითელ ხიდზე გადმოკვეთდა საზღვარს, 05:00 საათისთვის გავავსებდით საცავებს და მივაწვდიდით კომერციულ ბანკებს. დაახლოებით 03:30 საათზე რეკავს ეს ტელეფონი და სანამ ვუპასუხებდი, მართლა ფილმებში რომ არის, მთელმა ცხოვრებამ ერთ წამში გაიარა. ვუპასუხე და მან თქვა, რომ აზერბაიჯანის მხარეს, საზღვრიდან დაახლოებით 100 კმ-ში ვდგავართ და ერთ-ერთი მანქანა გაფუჭდა – ირგვლივ არაფერი არ არის, ვართ 6 ინკასატორი, ორი მძღოლი, მე და ესკორტის ორი მანქანა მცირე დოზით. თბილისიდან ახალი ინკასაციის მანქანის გაგზავნა მოგვიწია და დილის 4 საათზე 6-მა ინკასატორმა დაცალა 1 მანქანა სავსე უზარმაზარი რაოდენობის ბანკნოტით, დატვირთა ახალი მანქანა, დაადო ლუქი და უსაფრთხოდ ჩამოიყვანა ეს მანქანები თბილისში ისე, რომ დილის 6 საათზე, სულ რაღაც ნახევარის საათის დაგვიანებით, მთელი საბანკო სისტემა გამართულად მუშაობდა”, – განაცხადა ქადაგიძემ.

მისი თქმით, ერთი შეხედვით ეს შეიძლება “არაფერი ისტორია იყოს” იმასთან შედარებით, თუ რა თავგანწირვით იბრძოდნენ ბიჭები და გოგოები ფრონტის ხაზზე, მაგრამ სინამდვილეში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის დამარცხებაზე, ეს შესაძლებელია მხოლოდ გამართული სახელმწიფოს მშენებლობის ხარჯზე, რომელიც ასეთი ადამიანების თავგანწირვაზე დგას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები