სამეგრელოში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციაზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობითვე, დაკავებულს სამართალდამცავზე თავდასხმის მცდელობის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაც ედება ბრალად.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ ბრალდებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღო,”- წერია შსს-ს განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ში აცხადებენ რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. წარდგენილი ბრალი დამკიცების შემთხვევაში 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები