“სახელმწიფო საზოგადოებას ჰესის უსაფრთხოებაზე სრულ ინფორმაციას არ აწვდის” — ფონდი “ღია საზოგადოება”
“ფონდი ღია საზოგადოება” ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტს განცხადებით ეხმაურება.

ორგანიზაციის თქმით, სახელმწიფო არ მართავს პროექტის ეფექტურ საჯარო განხილვებს და საზოგადოებას არ აწვდის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ჰესის გავლენების შესწავლის შემთხვევაში მისი უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც კიდევ აღრმავებს ეჭვებს, რომ ჰესის გავლენების შესწავლის შესახებ არსებითი ინფორმაცია არ არის სრულად გამოკვლეული.

ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემურია სახელმწიფოს მხრიდან ჰესის მშენებლობის სასარგებლოდ სისტემატურად გაჟღერებული ერთადერთი, ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტიც და აცხადებენ, რომ ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ მზარდი ენერგომოხმარების პირობებში, ნამახვანი ჰესი ვერ დაფარავს საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს სრულად:

“ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტს იწვევს ის ფაქტი, რომ არსებითად არ არის შესწავლილი არსებული პროექტის გეოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებანი, ბუნდოვანია პროექტის ეკონომიკური და სოციალური დასაბუთებაც. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2020 წლის თებერვალში გაცემული დადებითი გარემოსდაცვითი შეფასება, ამავე წლის სექტემბრის თვეში შეიცვალა, რითაც კომპანიას ჩამოერთვა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების სამართლებრივი ნებართვა.

მიუხედავად ამისა, კომპანია ამ დრომდე უკანონოდ ახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს. ჰესის მოსალოდნელი მძიმე შედეგები, რიონის ხეობის ეკოლოგიასა და გეოლოგიურ მდგრადობაზე, არა ერთი ექსპერტული ორგანიზაციის შეშფოთების საგანი გახდა. პრობლემურია აღნიშნულ ტერიტორიაზე უნიკალური ვაზის ჯიშების დაცვისა და შენარჩუნების საკითხის შეუსწავლელობაც”
— აცხადებენ ორგანიზაციაში.

“ფონდი ღია საზოგადოების” თქმით, ჰესის მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, მოკლე პერიოდის შემდგომ, ათავისუფლებს ინვესტორს, ელექტრო ენერგიით საქართველოს მომარაგების ექსკლუზიური ვალდებულებისაგან:

“მიუხედავად დევნისა და შევიწროების არაერთი ფაქტისა: ადგილობრივი მოსახლეობის უტეხი, და მართალი პროტესტი, დღის წესრიგში აყენებს საზოგადოების პროტესტის მიზეზს-რეალური პოლიტიკის საკითხს- გარემოს დაცვასა და საზოგადოების აუცილებელ ჩართულობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლის პრიორიტეტული ხაზიც უნდა გახდეს” —
აცხადებენ ორგანიზაციაში.

“ფონდი ღია საზოგადოება” მხარდაჭერას უცხადებს რიონის ხეობის მოსახლეობას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები