ზურა ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს
“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებიდან მას შემდეგ გავიდა, რაც მისი ყველა პუნქტი დაარღვია.

ჯაფარიძის თქმით, მმართველმა პარტიამ ეს მხოლოდ ერთი მიზეზით გააკეთა – დაინახა, რომ 43%-ს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ აიღებდა:

“ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ, გავიდა მას შემდეგ რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი. დაარღვია მიუხედავად იმისა რომ მარკერით უხაზავდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები. გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე აპელირება იმაზე რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა.

ეს შეთანხმება არ დადებულა “ნაციონალური მოძრაობისთვის”, ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი – ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები. ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალზე”
– ამბობს ზურა ჯაფარიძე.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებას ფასი არ გააჩნია და პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს:

“კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ესენი არიან მატყუარები, ესენი არიან გადამგდებები. მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი ზუსტად ისე როგორც კრემლთან. მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება, არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება.

იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს. თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად. როგორ არ დავუშვათ ეს – ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის”
– ამბობს ზურა ჯაფარიძე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები