ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია — ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ “კვირის ჟურნალთან” (JDD) ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობს.

JDD-მა საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხა, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოს ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა.

“მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა, ხოლო ამ ინტეგრაციის ფორმა და თარიღი ევროკავშირის ევოლუციაზეა დამოკიდებული.

“ამ ლოდინისას კი, უნდა მივიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია: ჩვენ შევუერთდით ისეთ ევროპულ პროგრამებს, როგორიცაა ერასმუსი, განხორციელდა ვიზალიბერალიზაცია, გაიხსნა ბაზრები. საქართველო გულით ევროპულია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ასეთი ხდება. მას კიდევ უფრი მეტად შეუძლია იყოს ევროპული”, — განაცხადა პრეზიდენტმა.

ნატოში ინტეგრაცია, ზურაბიშვილის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს და “გარკვეულწილად, თითქმის უფრო ადვილია”. რუსეთთან ურთიერთობა კი ზურაბიშვილმა “სრულიად გაყინულად” შეაფასა.

“საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ჩემს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრებისას ხშირად წამოიჭრებოდა ნატოში გაწევრიანების საკითხი. რუსეთის პოზიცია შემდეგი იყო — ალიანსის არჩევანი სუვერენულია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მართალია, ის არ არის დაკავშირებული გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან, ახსნა მაინც საჭიროა.

პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა დაამძიმა თავისი პიზიციები ჩვენთან, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც უკრაინაში. ალიანსი არის ის ადგილი, სადაც მომავალი უნდა იყოს მყარი”,
— განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, პუტინთან უფრო მეტი სიმტკიცე ხომ არ არის საჭირო, ზურაბიშვილი პასუხობს:

“სიმტკიცე საჭიროა, რათა პატივი გცენ. თუმცა საჭიროა გამოსავლების შეთავაზება. მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ის, რაც აკლია ევროკავშირს, არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები”, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია