მასწავლებლების სავალდებულო ტესტირება კოვიდზე დროებით შეჩერდება – ამირან გამყრელიძის განმარტება
პირველი თებერვლიდან ასიმპტომური პირების კორონავირუსზე ტესტირება, რომელთა ტესტირებასაც სახელმწიფო აფინანსებს, დროებით შეჩერდება და მათ შორის მოიაზრებიან მასწავლებლებიც, რომლებსაც კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება აქვთ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “ტელეკომპანია იმედის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა, ამას თავისი მიზეზი აქვს და დროებითი ღონისძიება იქნება.

“როცა ასეთი გავრცელება და მაღალი სიხშირე გვაქვს რაც დღეს არის, პირველ რიგში სიმპტომიანი პირები უნდა გაიტესტონ. მოგეხსენებათ, ჩვენ ვტესტავდით და ახლაც ვტესტავთ რიგ ჯგუფებს, რომელთა ტესტირებასაც აფინანსებს სახელმწიფო, ე.წ სისტემურ ჯგუფებს, მაგალითად მასწავლებლები, ექიმები, პოლიცია… არის ეს სისტემური ჯგუფები, რომელიც გარკვეული პერიოდულობით იტესტებოდნენ, ანუ ასიმპტომური ადამიანები. ჩვენ ახლა ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ ასეთი დაწოლის დროს, მთავარი აქცენტი გაკეთდეს სიმპტომურ ადამიანებზე და ყველა, ვისაც აქვს სიმპტომები, გაიტესტოს და ჯერჯერობით, გარკვეული პერიოდით, ორი კვირით, სამი კვირით, სანამ ეს ტალღა არ გადაივლის, ასიმპტომური ადამიანების ტესტირება შევაჩეროთ. თუ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფია ასიმპტომური ადამიანი და აცრილია, მას შეუძლია არ გადავიდეს თვითიზოლაციაში და პირბადით იმოძრაოს მკაცრად. თუ არ არის აცრილი, აუცილებლად 8 დღე უნდა იყოს იზოლაციაში”, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ვინაიდან სკოლებში დადებითობის მაჩვენებელი დაბალია, “ამ ეტაპზე სკოლებს არ ვეხებით”.

წყარო: edu.aris.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები