კომპანია „ნოვას“ გენერალური დირექტორის ედიშერ ხიმშიაშვილის
განცხადებით,
საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასის კლება 1,5-2 თვიან პერიოდში გასაყიდი
პროდუქციის ფასებს შეამცირებს.
„საქმიანი დილას“ ეთერში ხიმშიაშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ბაზრებიდან
შემცირებულია პროდუქციის თვითღირებულებაც, რაც ჯამში ფასებს 10%-ით
გაიაფებს პროდუქტს.
„საკონტეინერო გადაზიდვების ფასი ცალსახად კლებისკენ
არის. გახსოვთ, რომ პანდემიის პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ფასები,
გახუთმაგდა კიდეც. აზიიდან და ჩინეთიდან 12 ათასს დოლარს აღემატებოდა
და დღეს უკვე 5 ათასიან ნიშნულს აღარ ცდება. ეს აადვილებს ლოგისტიკურ
პროცესებს და ცხადია ასახვას ჰპოვებს გასაყიდი პროდუქციის ფასზეც.
თუმცა მომხმარებელი ამას მყისიერად არ უნდა ელოდოს, რადგან ჩვენ
ვსაუბრობთ გრძელვადიან მარშრუტებზე, რომელსაც საშუალოდ 2 თვიანი
პერიოდი სჭირდება. გარდა ტრანსპორტირების ხარჯისა, აზიური ბაზრიდან
დაიკლო პროდუქციის ღირებულებამაც და ჯამურად ეს ალბათ ფასების
10%-იანი დაკორექტირების საშუალებას მოგვცემს.“ -
განაცხადა ხიმშიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პანდემიის შედეგად 2021 წლის სექტემბერში
კონტეინერით სარგებლობის საფასურმა 11,000-დოლარიან ნიშნულს
გადააჭარბა, მიმდინარე წელს კი ფასები მკვეთრად დაეცა და ბოლო
მონაცემებით, გადაზიდვის გლობალური ინდექსი დამატებით 5%-ით შემცირდა,
კონტეინერის გამოყენების საფასურმა კი 4,862 დოლარი შეადგინა.
საკონტეინერო გადაზიდვების ფასები რეკორდული ზრდისკენ გზას
პოსტ-პანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში დაადგა და ისტორიულ
მაქსიმუმს 2021 წლის სექტემბერში მიაღწია. ზრდის ძირითადი მიზეზები
სავაჭრო ბუმი და პანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო
მარშრუტების გადანაცვლება იყო, რამაც გადაზიდვები გაართულა.