„ეს არის საინკუბაციო კვერცხი და არა სუფრის“ - რატომ გაიზარდა პროდუქტის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი
კვერცხის იმპორტი თითქმის, 2-ჯერ, ექსპორტი კი 11-ჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 1,334 მლნ აშშ დოლარის (41,971 მლნ ერთეული) კვერცხი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 851.6 მლნ აშშ დოლარის (3,743 მლნ ერთეული).

რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3,1 მლნ აშშ დოლარის (13,369 მლნ ერთეული) კვერცხი შემოვიდა, რაც თანხის მოცულობით, 15-ჯერ მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შარშან 8 თვეში, საქართველომ 207.4 ათასი აშშ დოლარის (7,588 მლნ ერთეული) პროდუქტი შეიძინა.

როგორც მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე, ზურა უჩუმბეგაშვილი განმარტავს, აქ საუბარია საინკუბაციო კვერცხზე, რომლის ფასი, 3-5-ჯერ აღემატება სუფრის პროდუქტს, შესაბამისად, ფასთა სხვაობაც სწორედ ამან განაპირობა.

„სტატისტიკაში არ არის საუბარი მხოლოდ სუფრის კვერცხზე, აქ იგულისხმება საინკუბაციო კვერცხი. ექსპორტზეც საინკუბაციო კვერცხია გასული და გაზრდილ იმპორტშიც საინკუბაციო კვერცხის მაჩვენებელია. სამწუხაროდ, სტატისტიკაში ცალკე არ ისახება და ერთიანად არის დათვლილი.

რაც შეეხება ფასს, სუფრის კვერცხი შემოდიოდა შარშან, რომლის ფასი 7-10 ცენტამდე მერყეობს. თუმცა, წელს საგარეჯოში გაკეთდა ინკუბატორი, ანუ საინკუბაციო კვერცხი შემოდის თურქეთიდან და უნგრეთიდან, ხდება მისი გამოჩეკვა, შემდეგ იყიდება სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამან გამოიწვია ფასის და რაოდენობის მხრივ არეულობა. საინკუბაციო კვერცხი გაცილებით ძვირი ღირს, 35 ცენტიც ყოფილა. ამ ეტაპზე 22-23 ცენტი ღირს და 3-5-ჯერ ძვირია სუფრის კვერცხზე. თანხის გამოხატულებაშიც, სწორედ იმიტომ გაიზარდა მაჩვენებელი, ვიდრე რაოდენობრივად“,
- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები