დღეს სააკაშვილის მდგომარეობაზე ექიმთა კონსილიუმი იმსჯელებს
დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკა „ვივამედის“ ექიმთა კონსილიუმი იმსჯელებს.

როგორც სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, კონსილიუმმა უნდა განიხილოს სააკაშვილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის შედეგები. კერძოდ, მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში MRI (მაგნიტურ-რეზონანსული) კვლევა ჩაუტარდა.

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იმ კვლევასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ, რომელიც მას პარასკევს, როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და რა შედეგებიც მოვიდა, ამის კვლევა და გააანალიზება მოხდება ექიმების მიერ[…]

მორიგი კონსილიუმი არის და დაველოდოთ, რა იქნება. კვირის ბოლოს უნდა იყოს მარიამ ჯიშკარიანის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა და ამაზე დაყრნობით გადავწყვეტთ ადვოკატები, რა გზებით მივმართოთ სასამართლოს“,
– განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

“ვივამედის” კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ 11 ნოემბერს დაადასტურა, რომ სააკაშვილი სხვა კლინიკაში იყო გადაყვანილი MRI კვლევაზე.

კითხვაზე, რა სახის კვლევა ჩაუტარდა სააკაშვილს და უკავშირდებოდა თუ არა ტუბერკულოზს, ჩხაიძემ უპასუხა, რომ კვლევა “არამხოლოდ” ტუბერკულოზთან დაკავშირებით ჩატარდა. ამასთან, მისი თქმით, კლინიკა ვივამედში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის შესაბამისი კვლევების ჩატარება “ტექნიკური მიზეზების გამო დღეს ვერ ხერხდებოდა”.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები