მონაზვნის გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ - ადვოკატი
ცხრამუხის დედათა მონასტერში ძარცვისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მათი სახაზინო ადვოკატი აცხადებს.

დღეს ხაშურის რაიონული სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.

„ორივემ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ წარგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. რაც შეეხება სხვა დეტალებს, საუბრისგან თავი შეიკავეს, მათ შორის, ჩვენების მიცემისგან. ისარგებლეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ამის საფუძველზე გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, დასაბუთებული ვარაუდის დონეზე გამოძიება ფიქრობს, რომ კონკრეტული მუხლებით მათ ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული… საქმეში არის დაზარალებული ჩვენება”,
– ამბობს სახაზინო ადვოკატი.

წარდგენილი ბრალდება 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,
– ნათქვანია პროკურატურის განცხადებაში.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები