კობახიძე: იოსელიანი არასდროს გახდება ლომჯარია, NGO-ებს უნდოდათ "აგენტი" და "ჯაშუში"
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სინონიმებად იყენებს სიტყვებს "აგენტსა" და "ჯაშუშს" და ამ კონტექსტში ახსენებს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

კობახიძე ამბობს, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევისას იმ ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ლევან იოსელიანის კანდიდატურას, არასამთავრობო ორგანიზაციები "აბულინგებდნენ". მმართველი პარტიის ლიდერი ვარაუდობს, რომ ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებმაც გააკრიტიკეს იოსელიანის ომბუდსმენის პოსტზე არჩევის პროცესი.

"მე, უბრალოდ, შემიძლია ვივარაუდო, რომ ესენი იყვნენ ის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც იოსელიანის არჩევისთანავე ნეგატიური განცხადება გამოაქვეყნეს მის არჩევასთან დაკავშირებით. ეს იყო დაახლოებით 10-15 NGO. ესენი არიან ყველაზე მდიდარი NGO-ები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი..." -
უთხრა კობახიძემ 23 მარტს ჟურნალისტებს პარლამენტში.

მიზეზების შესახებ დასმულ, დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხის გაცემისას მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა:

"მიზეზი არის ერთი... მათ გაუჭირდებოდათ ლევან იოსელიანის დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს, მარტივად, თავის დროზე ნინო ლომჯარია. ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია. მე ამის ღრმად მწამს და ამის ეშინოდათ, რა თქმა უნდა, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელსაც უნდოდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე..."

სამი ოპოზიციონერი ქალის "ბულინგის" შესახებ ლევან იოსელიანმა 7 მარტს, სახალხო დამცველად არჩევიდან მალევე ილაპარაკა.

"ტრიბუნაზე გამოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი და მიუხედავად ამისა, მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს",
- თქვა ლევან იოსელიანმა.


დეპუტატებზე ზეწოლის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კიდევ ერთხელ "რუსთავი 2-ის" ეთერში 22 მარტს წამოჭრა. მისი ნათქვამის მიხედვით, "ბულინგი" იყო ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით იმ დეპუტატებზე, რომლებიც ამ კანონპროექტს მხარს უჭერდნენ და ამავე კონტექსტში ახსენა სახალხო დამცველის არჩევაც.

"უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ზღვარგადასული ბულინგი და ამის კარგი მაგალითი და ვიზუალიზაცია არის ომბუდსმენის არჩევა... მე ეჭვი მაქვს, რომ ესენი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები..."
- თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ეს საკითხი დაუკავშირეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმის მიუხედავად, რომ უკვე არსებობდა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების (თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძისა და თეონა აქუბარდიას) ერთობლივი განცხადება ამ საკითხზე.

"ეჭვის გამოთქმა და არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულება პარლამენტის წევრებზე - ჩვენზე ზეწოლაში სხვა არაფერია, თუ არა მორიგი მცდელობა, გააღრმაონ დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის",
- ეწერა მათ ერთობლივ განცხადებაში.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები