ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია გამოქვეყნდა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო 2023 წელს კვლავ მშობლების ნაჩუქარი ფული იყო. ამის შესახებ ირკვევა ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაციით, რომელიც 23 მარტს არის შევსებული.

საქართველოს ყოფილ პრემიერს ახალი ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება თანამდებობის დატოვებიდან ორ თვეში ჰქონდა - მას კანონით მიცემული ვადა არ დაურღვევია. ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.

განახლებული დეკლარაციის მიხედვით:
  • 2023 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა ფული აჩუქეს. ამ შემთხვევაში 150 000 ლარი;
  • ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო, 14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს. შარშან მისი ხელფასი თვეში საშუალოდ 3750 ლარი გამოდიოდა;
  • 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან მოახერხა, დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა.

დოკუმენტში ცალკე არის გამოყოფილი ირაკლი ღარიბაშვილის შვილის, ნიკოლოზ ღარიბაშვილის, აშშ-ში სასწავლებლად გაშვების დროს დაქირავებული სახელმწიფო თვითმფრინავის ხარჯი 2023 წლის აგვისტოში.

თბილისიდან მიუნხენში ნიკოლოზ ღარიბაშვილის კერძო რეისით ჩაყვანასა და უკან დაბრუნებაში პრემიერის მშობლებმა 109 500 ლარი გადაიხადეს. დამატებით, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაუჯდა.


  • საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, ფლობს შპს „ქართული ფესვების“ 50-პროცენტიან წილს. ირაკლი ღარიბაშვილის მამამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის თებერვალში 200 ათას ლარად იყიდა. რეესტრის მიხედვით, კომპანიის საქმიანობის სფეროებია მევენახეობა, ღვინის წარმოება და რეალიზაცია (და სხვა).
  • 2023 წელს ტარიელ ღარიბაშვილმა ახალი კომპანია - შპს „ღარიბაშვილის მარანი“ - დააფუძნა.

განახლებული დეკლარაციის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ოჯახური წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა, შვილების სწავლაში 42 900 ლარი გადაიხადეს, სახელმწიფო ტყის სარგებლობისთვის კი - 6255 ლარი.
  • ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მისმა ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა, ბაკურიანში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5958 კვადრატული მეტრი ტყე 49 წლით სარგებლობის უფლებით მიიღო.

არც უახლეს, 2024 წლის 23 მარტს შევსებულ დეკლარაციაში, არ მოხვდა ყოფილი პრემიერის ძვირადღირებული საათები, რომელთა შესახებაც რადიო თავისუფლებამ მასალა მოამზადა.

ირაკლი ღარიბაშვილისა და კიდევ ასობით საჯარო მოხელის დეკლარაციებს ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის. სპეციალურმა კომისიამ 300 საჯარო მოხელე (მინისტრები, პარლამენტის წევრები, მოსამართლეები, მერები) „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის“ გამო შეარჩია.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები