ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო.

სების ცნობით, საკოლექციო მონეტის დიზაინზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებენ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“, გაიმართა, მან საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია და გერმანიაში ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის მატჩები 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება. ევრო 2024-ის მატჩებს უმასპინძლებს გერმანიის ათი ქალაქი: ბერლინი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, ჰამბურგი, კიოლნი, ლაიფციგი, მიუნხენი და შტუტგარტი.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები