კალაძის თქმით, ბანერების გაკვრისთვის „ორივე მხარე“ დაჯარიმდება
თბილისის მერს კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩებში მიზანმიმართულად ხდება ბანერების გაკვრა „როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან“ და დამრღვევები დაჯარიმდებიან.
„მსგავსი ბანერები ქუჩებში უამრავია. რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამაზე ნებართვებს არ გასცემს. მიზანმიმართულად ხდება ამ ბანერების გაკვრა როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. კანონი მოქმედებს ასეთ შემთხვევაში. როგორც კი კონკრეტული კანონდამრღვევები გამოვლინდებიან, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან. რა თქმა უნდა, საუბარია ორივე მხარეზე, ვინც ბანერები განათავსა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძემ თქვა, რომ მანამდე სოციალურ მედიაში „დაარეპორტეს“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „უწყინარი ბანერები“.

„ჩვენ შენიღბულები გვესაუბრებიან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, ამ დროს კი ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ“, — თქვა მან.

Facebook-მა დეზინფორმაციად მონიშნა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების და საჯარო მოხელეების მიერ გავრცელებული „ქარდები“ პარლამენტში ინიციირებულ „რუსული კანონი“ შესახებ. შემდეგ თბილისის ქუჩებში, მათ შორის გაჩერებებზე, გამოჩნდა პლაკატები, სადაც საუბარია, რომ კანონპროექტი ევროპულია, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გადახაზული ფოტოები, წარწერით „სამშობლო არ იყიდება“. ამ ბანერების ნაწილი სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ჩამოხიეს და გააკრეს რუსული კანონის საწინააღმდეგო პლაკატები.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები