იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავ კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებისთვის რუსული კანონის სახელითაა ცნობილი.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გაგრძელდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

15 აპრილის საკომიტეტო განხილვის პარალელურად დილიდან მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.

პარლამენტთან შეკრებილნი არიან როგორც ახალგაზრდები, ისე ხანშიშესული ადამიანები,
ოჯახები ბავშვებით. პარალელურად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დილიდან განიხილავენ რუსულ კანონს, რომლის მიზანიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პარლამენტთან სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა მთელი დღის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა. კომიტეტის სხდომიდან გააძევეს არაერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავე კითხვების დასმისთვის, გარდა ამისა, მათ უთიშავდნენ მიკროფონს „რუსული კანონის“ ხსენებისთვის.
რა ხდება
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები