ონლაინ მედიას პარლამენტში მუშაობას კვლავ უკრძალავენ
უკვე თითქმის ერთი კვირაა, საქართველოს პარლამენტში აკრძალულია ყველა მედიის მუშაობა, გარდა ტელევიზიებისა. ამის საბაბად „ოცნების“ ხელისუფლება იყენებს ონლაინ მედიის მიერ „რუსული კანონის“ გაპროტესტებას. აღნიშნული კანონი საფრთხეს, პირველ რიგში, სწორედ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს უქმნის.

პარლამენტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, წინა დღეების მსგავსად, დღეს, 19 აპრილსაც, გამოცხადებულია უსაფრთხოების ე.წ. ყვითელი დონე. გარდა მედიის ნაწილისა, პარლამენტში შესვლა ეზღუდებათ ვიზიტორებსაც.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის, კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჯერ კიდევ 15 აპრილს მიმართა პარლამენტს, მედიისთვის მიეცა პარლამენტში მუშაობის საშუალება.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე, უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედია საშუალებების მიმართ და მისცეს მათ საშუალება. ასევე, პარლამენტის შენობაში შექმნას ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები, რათა მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები