“ქართული ოცნება” უფრო და უფრო არაევროპული ხდება – ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს აღარ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირში გაწევრიანდება. ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატებისას მან თქვა, რომ ამ კანონის მიღება შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, გზას გაუხსნის დისკრიმინაციას.

“სამწუხაროდ, ეს [რუსული კანონის მიღებას] იქონიებს გავლენას საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონს
მიიღებენ, ნამდვილად აღარ უნდა იყოს მოლოდინი, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება”,
– თქვა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღების მცდელობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა და ქმედებები ერთმანეთისგან განსხვავდება.

“ქართველი ხალხი საკუთარ მიმავალს ევროკავშირში ხედავს. საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია, “ქართული ოცნება”, ასევე, ამბობენ, რომ მათ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ, სამწუხაროდ, ის, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, ამისგან განსხვავდება […] სამწუხაროდ, პარტია “ქართული ოცნება” თანდათან ხდება უფრო და უფრო არალიბერალური და არაევროპული”, – ამბობს ევროპარლამენტარი.

დღეს, 23 აპრილს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ. სესიის სახელწოდება იყო “საქართველოში უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების ხელახალი მცდელობა და მისი გავლენა სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე”.

ამავე დღეს, ევროპარლამენტში დაინიციირდა რეზოლუცია “საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ”. რეზოლუციის ავტორების შეფასებით, კანონი საკამათოდ მიიჩნევა და ხელისუფლებას დამოუკიდებელი ხმების დისკრედიტაციისა და შეზღუდვის მძლავრ ინსტრუმენტს აძლევს. ამასთან, საფრთხეს უქმნის პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას და შეამცირებს საზოგადოებრივი ცხოვრების ნამდვილ გამჭვირვალობას საქართველოში. რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება. 

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google